პერსონალური ინფორმაცია

საია: შსს პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს

0 კომენტარი
ფოტო: www.everteam.com

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს.

კერძოდ, საუბარია პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ერთ წელზე მეტი ვადით შენახვაზე, რაც უკანონოა.

"ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევები. აღნიშნული ტიპის საქმეთა განხილვისას შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარსადგენად იყენებს საინფორმაციო ელექტრონული ბაზიდან (info.police.ge) ინფორმაციას ადმინისტრაციული სახდელების დადების თაობაზე, რომელთაგან უმრავლეს შემთხვევაში, ერთ წელზე მეტი დროა გასული", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

საია-ში განმარტავენ, რომ პირის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის რამდენიმე წლით შენახვა არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ორგანიზაციაში ასევე მიუთითებენ, რომ კანონში ეს ჩანაწერი მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2017 წელს საია-მ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე მოიგო.

"საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში, სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდგომ, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერების უვადოდ შენახვა დაუშვებელია. ამასთან, გარკვეული ჩანაწერების შენახვის საჭიროება არსებობს 1 წლის ვადით. მიუხედავად ამისა, დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრაქტიკაში მაინც 1 წელზე მეტი ვადით ახდენს ინფორმაციის შენახვას", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამ საკითხზე საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს ინსპექტორმა შეისწავლოს შსს-ში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პრაქტიკა და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები