პროგრეს ბანკი

კალაძე ხაზარაძეზე: 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე პროგრეს ბანკი უყიდია, სამარცხვინოა

კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების 11 მაისის ყრილობაზე
ქართული ოცნება

თბილისის მერმა და პროგრეს ბანკის დამფუძნებელმა, კახა კალაძემ, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს სამარცხვინო უწოდა. TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, "მთავარის" ეთერში თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შეძენა სთხოვა, თუმცა აუდიტისას აქტივებმა და ტრანზაქციებმა ფულის გათეთრებაზე ეჭვი გააჩინა. კახა კალაძის თქმით, ხაზარაძემ აღარ იცის, როგორ გადაფაროს საკუთარი სავარაუდო დანაშაული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და საკუთარ გაფუჭებულს სხვას აბრალებს, რაც, მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება.

"არ გიჩნდებათ კითხვები ამასთან დაკავშირებით? 2 წლის მერე გაახსენდა, რომ თურმე ეგეთი ბანკი უყიდია. სამარცხვინოა, სირცხვილია ასეთი განცხადებები, მე შემრცხვებოდა მამუკა ხაზარაძის ადგილზე, მაგრამ როგორ უნდა შერცხვეს ადამიანს, რომელსაც არც ნამუსი და არც ზნეობა გააჩნია,"-ამბობს თბილისის მერი.

კალაძის თქმით, მაშინ, როდესაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, ქართუ ბანკსა და პროგრეს ბანკს აკრძალული მეთოდებით ებრძოდნენ და მათ გაკოტრებას ცდილობდნენ. 

"ერთადერთი მოტივი, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა 22%-იანი წილი და რამდენიმე მილიონი გადაიხადა, იყო, რომ ბანკი გადაერჩინა. ეს მართლაც ასე მოხდა. სხვა მას ბანკთან არანაირი შეხება არ ჰქონია. არანაირ გათეთრებებთან "პროგრეს ბანკს" კავშირი არ ჰქონია. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ მართლაც რაღაც გადარიცხვები განახორციელა ამ ბანკმა. რა შუაშია საერთოდ ბიძინა ივანიშვილი?"-ამბობს კახა კალაძე.

ხაზარაძის თქმით, 2016 წელს, როცა თიბისი რესპუბლიკა ბანკის შეძენას გეგმავდა და გარიგება თითქმის დახურული იყო, ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. მისი თქმით, ეს საკითხი ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას წამოჭრა, მან კი უთხრა, რომ თუ პროგრეს ბანკსაც იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო. ხაზარაძე ჰყვება, რომ პროგრეს ბანკში აუდიტმა კრიტიკულად არასასურველი მდგომარეობა გამოავლინა და ამის გამო თიბისიმ პროგრეს ბანკის მხოლოდ ჯანსაღი აქტივები შეიძინა. სხვა აქტივებმა და ტრანზაქციებმა, TBC ბანკის დამფუძნებლის თქმით, ფულის გათეთრების ეჭვებს გააჩინა.ეს ეჭვები, მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ამ აქტივების ლიკვიდაციის გამოცხადებამ გაამყარა. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხაზარაძე პროგრეს ბანკის ეპიზოდს იხსენებს. ეს საკითხი აქტუალური იყო გაზაფხულზეც. მაშინ საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში ხაზარაძემ პირველად ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის თხოვნაზე მის მიმართ შეეძინა პროგრეს ბანკი. 

ცნობისთვის თიბისი ბანკსა და სოსიეტე ჟენერალს შორის გარიგება 2016 წლის სექტემბერში დაიხურა. თიბისიმ რესპუბლიკა ბანკის 93%-იანი წილი შეიძინა, ამავე გარიგების ფარგლებში მოხდა პროგრეს ბანკის აქტივების შესყიდვაც. სულ გარიგება 315 მილიონ ლარად შეფასდა.

ეროვნულმა ბანკმა კი პროგრეს ბანკს საქმიანობის ლიცენზია ამავე წლის ოქტომბერში გაუუქმა.

პროგრეს ბანკი 2007 წელს კახა კალაძემ დააფუძნა, პროგრეს ბანკის 22%-იან წილს ბიძინა ივანიშვილიც ფლობდა.

კომენტარები