კრიმინალი

შსს: ადამიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ლისის ტბის მიმდებარედ მოკლეს, იძებნება 5 პირი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარედ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქმეზე დაუსწრებლად პასუხისგებაშია მიცემული 5 პირი და მათ ამ დრომდე ეძებენ.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით იძულებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 1979 წელს დაბადებულ დაზარალებულს, რომელსაც ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შემდგომაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა", - თქვა ვლადიმერ ბორცვაძემ.

​მისივე ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი გახდა ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236 მუხლით და 143-ე მუხლი მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები