დაგროვებითი საპენსიო სისტემა

სურგულაძე: ველოდებით, რომ გაისად საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულთა მინიმუმ 10% ჩაერთვება

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე პარლამენტში 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას ამბობს, რომ სააგენტოს პროგნოზით, მომავალ წელს საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულების მინიმუმ 10% იქნება ჩართული.

"ჩვენ ველოდებით, რომ მილიონი თვითდასაქმებული ადამიანიდან მომავალ წელს მინიმუმ ჩაერთვება 10%.

ხოლო მას შემდგომ, უკვე შემდგომ წლებში, როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ სხვა ადამიანებს უგროვდებათ საპენსიო ანგარიშზე ოთხმაგი პრაქტიკულად და ამას კიდევ ერიცხება სარგებელი 10-12%, შეიძლება მეტიც, ვფიქრობ, რომ ჩართვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი მონაწილეთა რიცხვი სულ იქნება მზარდი." - განაცხადა სურგულაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვაზე პასუხად.

თვითდასაქმებულებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, განსხვავებით კონტრაქტით დასაქმებულებისგან. ამ შემთხვევაში, სქემაში მონაწილეობა 40 წელს ზემოთ არის ნებაყოფლობითი.

18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა.

აქედან კი 119 651 კერძო სექტორის წარმომადგენელია, 42 115 კი საჯარო მოხელე.

საპენსიო სქემა დატოვა იმ ადამიანების თითქმის ნახევარმა, ვისაც გასვლის უფლება ჰქონდა.

კომენტარები