უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

დიმიტრი ხუნდაძე: შალვა თადუმაძეს ჩემი ხმა ექნება, ჩემი კოლეგების არ ვიცი

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, ტვ პირველის ეთერში უზენაესი მოსამართლეების არჩევის პროცესსა და შალვა თადუმაძეზე ისაუბრა.

"შალვა თადუმაძის პროფესიონალიზმთან მე ნამდვილად არ მაქვს კითხვები, იმიტომ რომ ის არის აშკარად პროფესიონალი, მისი წარსული პროფესიული საქმიანობითაც და დღევანდელობითაც. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ხმა მას ექნება, ჩემი კოლეგების არ ვიცი ნამდვილად.

რაც შეეხება დიპლომს, მე არ გამომითხოვია და არ მინახავს ეს დიპლომი, არ დავინტერესებულვარ იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს შესაბიმის კომისია, რომელიც სწავლობს. სწორედ ეს კომისია სწავლობს ამ ქაღალდებსა და დოკუმენტებს და შემდეგ, ვინც არ იმსახურებს ამას და აქვს ხარვეზი ან იმის დაზუსტება ხდება, ან წითელი შუქი", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

მოქმედ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

2011-2012 წლებში შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები