ექიმი: გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზარალებულს სხეულის 60% აქვს დამწვარი

საზოგადოებრივი მაუწყებელი

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებულ ერთერთ პირს სხეულის 60% აქვს დამწვარი. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ექიმი გიორგი დავლიანიძე საუბრობს.

დავლიანიძის თქმით, 39 წლის კაცს სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს და მისი მძდგომარეობა უმძიმესია.

"აღნიშნული პაციენტი შემოიყვანეს დილის ცხრა საათზე. დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით, სავარაუდოდ, შეიძლება მოხდა აფეთქება, ზუსტად ჩვენ არ ვიცით. მდგომარეობა არის უმძიმესი. იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში. მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. მდგომარეობა უმძიმესია, ჯერ რაიმე პროგნოზის გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. პაციენტს, 39 წლის მამაკაცს დამწვარი აქვს სხეულის 60%. ჭრილობები უბნობრივად არის სხვადასხვა ადგილას გაფანტული, ასევე აქვს სასუნთქი გზების დამწვრობა,"- ამბობს ექიმი. მის ამ კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მოსახლეობა კორპუსიდან ამ დროისთვის უკვე ევაკუირებულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.

კომენტარები