ელ კლასიკო

ბარსელონაში სამოქალაქო არეულობის შიშით ელ კლასიკო გადაიდო

0 კომენტარი

ელ კლასიკო, რომელიც ოქტომბერში უნდა გამართულიყო, სამოქალაქო არეულობის შიშით, გადაიდო.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები ბარსელონაში რამდენიმე დღის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც კატალონიის ცხრა სეპარატისტი ლიდერი ამბოხებაში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს.

ბარსელონასა და მადრიდის რეალს შორის მატში კამპ ნოუს სტადიონზე 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო. ორივე საფეხბურთო კლუბმა უარი თქვა მატჩის მადრიდში, სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე გამართვის შეთავაზებაზე.

კლუბები მატჩის გამართვის თარიღად 18 დეკემბერს ასახელებენ.

ბარსელონამ პარასკევს განხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ მათ მატჩის დანიშნულ დროს ჩატარება სურდათ, რადგან ზუსტად იციან, რომ კლუბის ფანები სტადიონზე სანიმუშოდ იქცევიან.

ზინედინ ზიდანმა კი თქვა, რომ მისი კლუბი მოთხოვნას მოერგება.

რა ხდება კატალონიაში

კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით, ქუჩაში 500 000 ადამიანზე მეტია გამოსული. 

ბარსელონაში პროტესტი 14 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. მათ ბლოკირებული აქვთ რამდენიმე ქუჩა და რკინიგზის სადგურები.

საპროტესტო აქციები ესპანეთის უზენაესი სასამართლოს მიერ კატალონიის ყოფილი ლიდერებისათვის პატიმრობის შეფარდებას მოჰყვა.

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ კატალონიის 9 სეპარატის ლიდერი ამბოხებაში ცნო დამნაშავედ.

13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კატალონიის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის ლიდერს ორიოლ ჟუნკერასს. ის ამბოხებისაკენ მოწოდების გარდა თანხების გაფლანგვაშიც ცნეს დამნაშავედ.

12 წელი მიესაჯათ ამავე დანაშაულებისათვის კატალონიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რაულ რომევას, ყოფილ შრომის მინისტრ დოლორს ბასსას და რეგიონული მთავრობის სპიკერ ჟორდი ტურულს.

კატალონიის პარლამენტის ყოფილ სპიკერს, კარმე ფორკადელს 11.5 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო ყოფილ შინაგან საქმეთა და ტერიტორიულ მინისტრებს 10.5 წელი.

კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრები განაჩენის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აპირებენ.

მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის გამართვისაკენ მოუწოდეს, თუმცა პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ბარსელონას საერთაშორისო აეროპორტთან. ამის გამო გადაიდო 108 ფრენა.

პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამოსცა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება.

პუჩდემონი 2017 წლის ოქტომბრიდან თავს ბელგიას აფარებს. ის ქვეყნიდან მას შემდეგ გაიქცა, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

პუჩდემონი 25 მარტს გერმანიის ჩრდილოეთით დააკავეს, როდესაც ბელგიაში ფინეთიდან ბრუნდებოდა.

მის დასაკავებლად გაცემული ორდერი გასული წლის დეკემბერში გაუქმდა, მას შემდეგ, რაც გერმანიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ პუჩდემონს ესპანეთს მხოლოდ საჯარო თანხების არამიზნობრივი გამოყენების ბრალდებით გასასამართლებლად გადასცემდა, თუმცა არა ამბოხების ბრალდებით გასამართლებისათვის.

ესპანეთის სასამართლომ შემოთავაზებაზე უარი თქვა და პუჩდემონის დაკავების ორდერი გააუქმა. შედეგად ის ბელგიაში დაბრუნდა. ახალი ორდერი, რომელიც ამბოხებისაკენ მოწოდებისა და საჯარო თანხების გაფლანგვის გამოა გაცემული ბელგიაში ახალი ლეგალური პროცესის დაწყებას გამოიწვევს.

გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები