არჩევნები 2020

"არასოდეს ივანიშვილთან ალიანსი არ იქნება" - ვისთან ითანამშრომლებს შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდება, ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნას არ აპირებს.

"ასეთი წინადადებები ჩვენ გვქონდა შევარდნაძისგან, მიხეილ სააკაშვილისგან, ივანიშვილისგან... წავედით ოდესმე ვინმესთან ბლოკზე, კოალიციაში? შიშველი ხელებით, სუფთა გულით, ნამდვილი პატრიოტიზმით მოვედით აქამდე თუ არა. ერთადერთი პარტია გყავთ, რომელიც არ გაისვარა აი ამ ბლოკებში, კოალიციებში და ამ სიბინძურეებში. არასოდეს ივანიშვილთან კოალიცია, ალიანსი, ბლოკი [არ იქნება]. ჩვენზე დიდი ოპოზიცია არა გყავთ", - თქვა ნათელაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ როცა პირველ ადგილზე გავა, ყველა პარტიიდან პროფესიონალებს შეარჩევს და მოიყვანს მთავრობაში, გარდა ბიძინა ივანიშვილისა და "მოსკოვიდან მივლინებით მოსული" პარტიებისა.

ჟურნალისტის კითხვას, რომელ პარტიას გულისხმობს, შალვა ნათელაშვილი ასე პასუხობს:

"ის მუჰამედის შთამომავალი რომ არის და აღმაშენებლის ნათესავი იმავდროულად, ის მსუქანი კაცი, შევარდნაძის საბაჟოს უფროსი რომ იყო, თარხან-მოურავი. პირდაპირ მოსკოვში იქმნება ეს პარტიები".

რაც შეეხება "ლელოს" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ის ოლიგარქიული ოჯახის წარმომადგენელია და მასთან თანამშრომლობა მკრეხელობაა, ძნელად წარმოუდგენია. ის აღნიშნავს, რომ ხაზარაძესთან თანამშრომლობის განხილვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ ის გამოიტანს თავის მილიარდებს, ალყას შემოარტყამს ივანიშვილის სასახლეს და "არჩევნებამდე მოგვაცილებს".

"მე თვითონ მერიდება მასთან თანამშრომლობის, იმდენი მილანძღია და იმდენი მიბრძოლია მის წინააღმდეგ, მათ შორის აქციებით", - ამბობს ის.

ჟურნალისტმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის შესახებაც ჰკითხა, რაზეც შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ამის სურვილი რომ ჰქონოდა, მიხეილ სააკაშვილი ოფისში ეჯდა და ეხვეწებოდა.

"რა არის ეს ცხოვრება მართლა... გულში მეცინებოდა სევდიანად, იმ 20 ივნისის ღამეს, გვერდიგვერდ ვიდექით მე, ბოკერია და უგულავა და ხალხს ვაწყნარებდით, რომლებიც გამწარებულები თავს ურტყამდნენ პარლამენტის სვეტებს", - ამბობს ნათელაშვილი.

შალვა ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია შექმნის კოალიციურ მთავრობას, ის მათთან ოპოზიციაში იქნება. მისი თქმით, მათთან მხოლოდ "ივანიშვილის მოსაცილებლად, მის ციხეში გასაშვებად და მისი მილიარდების დასაბრუნებლად" ითანამშრომლებს.

კომენტარები