რუსთავი 2-ის საქმე

R2-ის 60%-იან წილებთან ერთად არხის უძრავი ქონებაც დაყადაღებულია

0 კომენტარი
ფოტო: https://www.radiotavisupleba.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთავი 2-ის 60%-იანი წილთან ერთად ტელეკომპანიის შენობებიც დააყადაღა.

არხის უძრავ ქონებას ყადაღა 3 ოქტომბერის განჩინებით დაედო. ქონების დაყადაღების მიზეზი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წინაშე არსებული 2 მილიონი დოლარის ოდენობის დავალიანება გახდა.

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, ტელევიზიის უძრავ ქონებას ყადაღა ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (EBU) მოთხოვნით დაედო.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის დასაბრუნებლად ახალი დავა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. მათ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს. დვალი-აქიმიძის ინტერესებს ადვოკატი კახა კოჟორიძე იცავს.

კახა კოჟორიძის განმარტებით, გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებსაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა დაეყრდნო.

18 ივლისის გადაწყვეტილებით, ევროსასამართლომ რუსთავი ორის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა. იმავე დღეს, საჯარო რეესტრმა რუსთავი ორის წილები ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. ასევე, ახალი მფლობელის მოთხოვნით არხის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და მის ნაცვლად, ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია დანიშნა. 

ქიბარ ხალვაშმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თქვა, რომ მან დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის სახელითაც გაიმარჯვა. მისივე თქმით, მაქსიმალურად გაითვალისწინებდა რუსთავი ორის დამფუძნებლების ინტერესებს. 30 ივლისის შეხვედრაზე ხალვაშმა რუსთავი ორის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაც დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს არ სურთ. მათ პარლამენტში თქვეს, რომ სჭირდებათ რეალური ბერკეტი და ტელეკომპანიის დამოუკიდებლობის გარანტია.

2017 წელს ქიბარ ხალვაში საჯაროდ ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით დავას მოიგებდა, ის წილების 50%-ს დვალსა და აქიმიძეს მისცემდა, დავით დვალს კი, გენერალურ დირექტორად დანიშნავდა. კითხვაზე, რა შეიცვალა 2017 წლის შემდეგ, ის პასუხობს - "მე შევიცვალე, ორი წლით უფროსი გავხდი".

"რატომ გინდათ, თუ თვლით, რომ მე ჩემი მატერიალური ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას მივცე?" - კითხულობს ხალვაში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები