ანაკლიის კონსორციუმი

კონსორციუმის ხელმძღვანელი: მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში და პროექტზე ღიად ვისაუბროთ

ლევან ახვლედიანი

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ მზად არის პარლამნეტში მივიდეს და პროექტის მნიშვნელობაზე ღიად ისაუბროს. მისი თქმით, არის დაბრკოლებები, რომლებიც კონსორციუმმა მთავრობასთან ერთობლივი მუშაობით უნდა გადალახოს. 

"აქედან გამომდინარე ჩვენ გვინდა, რომ გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე, ამისთვის ხორციელდება გარკვეული ნაბიჯები. მზად ვართ მივიდეთ პარლამენტში, ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე"- ამბობს ახვლედიანი. 

ახვლედიანი აბრეშუმის გზის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება და ინვესტორებთან შეხვედრებს გეგმავს. 

"ვაპირებთ შეხვედრას სხვადასხვა სტუმართან, ვაპირებთ ჩვენი გეგმების გაცნობას, პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას"- აღნიშნა მან. 

......

15 ოქტომბერს ამოიწურა სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმს უნდა წარმოედგინა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. 

15 ოქტომბერს ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა თქვა, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე "მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის". მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კონსორციუმს ახლაც ჰყავს ინვესტორები, ვინც კვლავ მზად არის პროექტში ფული ჩადოს. 

15 ოქტომბერს, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებენ.

მან თქვა, რომ ეს პროექტი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია და ოპონენტებს, მათ შორის კონსორციუმსაც "არ მისცემენ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება", რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის კონსორციუმს პროექტის განხორციელებაში.

16 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ვადის გადავადებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. 

ცნობისთვის, კონსორციუმისთვის მიცემული ვადა რამდენიმეჯერ გახანგრძილვდა, მათ შორის ბოლოს ესეთი გადაწყვეტილება მთავრობამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადების შემდეგ მიიღო. მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, პომპეომ გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს ბოლო მიიყვანდა პორტის მშენებლობას.

ამ დროისთვის ანაკლიის კონსორციუმმა წარადგინა ორი პოტენციური ინვესტორი, ყაზახური Meridian Capital Limited-ი და ჰოლანდიური Van Ord-ი. ახალი ინვესტორის მოძიების საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც კონსორციუმის შემადგენლობიდან ამერიკული კონტი ჯგუფი გავიდა. 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. ჰოლანდიურ Van Ord-თან დაკავშირებით სამინისტრომ გადაწყვეტილება 21 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს, ხოლო Meridian-თან დაკავშირებით 28 ოქტომბრამდე.

კომენტარები