ავღანეთი

ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებებს აშშ-ის შემდეგ ჩინეთი ჩაატარებს

Al Jazeera

ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ თალიბანთან ორგანიზებული მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის შეხვედრის ორგანიზებას ახლა ჩინეთი გეგმავს. ჩინეთის მთავრობის მხრიდან მიწვევის ინფორმაციას თალიბანის სპიკერიც ადასტურებს.

გასულ თვეს თალიბანის დელეგაცია პეკინში ჩავიდა და ჩინეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები გამართა.

ამ დრომდე თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს ამბობდა და მათ აშშ-ის მარიონეტებს უწოდებდა, თუმცა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები კერძო მოქალაქეების სტატუსით მოლაპარაკებებში მაინც მონაწილეობდნენ. თალიბანის სპიკერის თქმით ჩინეთში დანიშნული მოლაპარაკებებიც სწორედ ამ ფორმატით წარიმართება.

შეხვედრის დრო ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ის მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება. ასევე უცნობია ვინ მიიღებს მონაწილეობას შეხვედრაში ავღანეთის მთავრობის მხრიდან. ყოფილი პრეზიდენტის, ჰამიდ ქარზაის სპიკერმა თქვა, რომ ქარზაი თანახმაა მონაწილეობა მიიღოს, თუ მას მიიწვევენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ ქვეყანას ავღანეთში მშვიდობის დამყარებისათვის ხელის შეწყობა სურს.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თალიბანის უკანასკნელი თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ დაჯგუფებამ მშვიდობისადმი მათი გულწრფელი მზაობა უნდა აჩვენოს.

აშშ-ის მხრიდან თალიბანთან მოლაპარაკებებს ზალმაი ხალილზადი, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატი აწარმოებდა. მან თქვა, რომ ორივე მხარეს შედგენილი ჰქონდა ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

ამის შემდეგ, 28 სექტემბერს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. შედეგები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები