დეკანოზ მამალაძის ადვოკატი მეუფე იაკობის განცხადებაზე: მტკიცებაა, რომ დანაშაული მზადდებოდა

მიხეილ რამიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

"პირდაპირი მტკიცებაა, რომ გარკვეული დანაშაული მზადდებოდა",- ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის ბრალდებებს ეხმაურება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ერთად, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას სახელისუფლებო პირები, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილი და მეუფე პეტრე გეგმავდნენ.

"ადამიანმა დაასახელა პირები. მიმაჩნია, რომ აბსურდულად არ უნდა მოიხსენიოს პრემიერმინისტრმა აღნიშნული განცხადება. პირიქით, უნდა მოუწოდოს, რომ სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩაერთონ და ზუსტად, დეტალურად უნდა გამოიკვლიონ, თუ რას ეხება ეს განცხადება, იყვნენ თუ არა ჩართულები",-თქვა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

რამიშვილის თქმით, არსებობდა გეგმები, რომელმაც შემდგომ "სხვა ნიშა გამოაჩინა" და ავტორებმა ის დეკანოზ გიორგი მამალაძეს გადააბრალეს. 

"მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ეტყობა ისეთი რაღაც იგეგმებოდა გარკვეული პირების მიერ, რამაც შეიძლება მერე გარკვეულ პირებს ხელი შეუშალა და განტევების ვაცად გადაბრალება მოხდა".-თქვა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

კომენტარები