ტერორიზმი

როგორ იპოვეს და მოკლეს ISIS-ის ლიდერი, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი - აშშ-ის სპეცოპერაციის დეტალები

Getty Images

27 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი ლიკვიდირებული იყო.

ცნობილი ხდება დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მიაკვლიეს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ადგილსამყოფელს და როგორ წარიმართა სპეცოპერაცია.

ერაყის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სექტემბერში მათ მოახდინეს სირიელი კაცის იდენტიფიკაცია, რომელიც ბაღდადის ძმებს, აჰმედს და ჯუმას თურქეთის გავლით იდლიბში ცოლების ფარულად გადაყვანაში დაეხმარა.

ამავე პირმა გადაიყვანა მალულად ალ-ბაღდადის შვილები ერაყიდან სირიაში. ერაყის დაზვერვამ სწორედ ამ პირის, მისი ცოლის და ალ-ბაღდადის ბიძაშვილის დახმარებით მისი გადაადგილების თაობაზე ინფორმაცია მოიპოვეს და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიაწოდეს.

ოქტომბერში უკვე მზად იყო ოპერაციის გეგმა, რომლის მიზანსაც ალ-ბაღდადის დაკავება ან მოკვლა წარმოადგენდა. აშშ-ის ეროვნული უშიშროების მრჩევლის, რობერტ ო’ბრაიენის თქმით ოპერაციას კაილა მიულერი დაარქვეს. კაილა მიულერი ორგანიზაცია „ექიმების საზღვრების გარეშე“ თანამშრომელი იყო. ის ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ დაატყვევა და მოკლა.

დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ალ-ბაღდადი იდლიბის პროვინციაში აბუ მუჰამედ ალ-ჰალაბის სახლს აფარებდა თავს. ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ალ-ჰალაბი მეტოქე ჯიჰადისტური დაჯგუფების, ჰურრას ალ-დინის ლიდერი იყო, რომელიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერის ბრალდების გამო ადამიანებს სიკვდილით სჯიდა.

ალ-ჰალაბის თავშესაფარი გვირაბების კომპლექსის თავზე იყო აშენებული. სწორედ ამ გვირაბით გაქცევა სცადა ალ-ბაღდადიმ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ.

აშშ-მა სპეცოპერაციის შესახებ რუსეთს, თურქეთს და ქურთ მებრძოლებს აცნობა.

ოპერაცია ადგილობრივი დროით ღამის 1 საათზე დაიწყო. აშშ-ის შეიარაღებული ძალებს ალ-ბაღდადის მოკავშირეებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამერიკელმა სამხედროებმა მოკლეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 9 წევრი. მათი ნაწილი ალ-ბაღდადის ოჯახის წევრი იყო. დაიღუპა ალ-ბაღდადის ორი ცოლი. მათ, სავარაუდოდ, თავი აიფეთქეს.

თავად ალ-ბაღდადი შენობის ქვეშ მდებარე გვირაბში მოიმწყვდიეს, რა დროსაც მან 3 ბავშვთან ერთად, რომლებსაც ცოცხალ ფარად იყენებდა, თავი აიფეთქა.

ჯარისკაცებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტებიც, რომლებმაც აფეთქების ადგილიდან აღებული ნიმუშები ალ-ბაღდადის დნმ-ს შეადარეს და დაადასტურეს, რომ კაცი, რომელმაც თავი აიფეთქა მართლაც ალ-ბაღდადი იყო.

ამერიკელმა სამხედროებმა მოახერხეს 10 ბავშვის გადარჩენა, რომლებიც ალ-ბაღდადის სამალავში იმყოფებოდნენ.

"ალ-ბაღდადიმ საიდუმლო გვირაბით, ტირილითა და ყვირილით სცადა გაქცევა, ის არ მომკვდარა, როგორ გმირი, ის მოკვდა როგორც ლაჩარი.

ბოროტმოქმედმა, რომელიც სხვების დაშინებას ცდილობდა, საკუთარი ცხოვრების ბოლო წუთები პანიკასა და შიშში გაატარა." თქვა დონალდ ტრამპმა.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია წარსულშიც გავრცელებულა, თუმცა შემდეგ, მიმდინარე წელს, გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, 5 წლის შემდეგ ის პირველად გამოჩნდა.

18-წუთიან ვიდეოში, რომელიც ისლამურმა სახელმწიფომ გაავრცელა, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში - ალ ბაღდადი პასუხისმგებლობას იღებს შრი-ლანკაზე მომხდარ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც ქრისტიანულ ტაძარში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორგანიზაცია მათი მებრძოლების დაკავებისა და დახოცვისთვის შურისძიებას გეგმავს. უცნობია, ზუსტად როდის არის ვიდეო გადაღებული.

ალ-ბაღდადის ნამდვილი სახელი იბრაჰიმ ავად ალ-ბადრია. ის 1971 წელს ქალაქ სამარაში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით დაიბადა. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლამდე ის ერთ-ერთ მეჩეთში სასულიერო პირი იყო, ზოგიერთი ინფორმაციით კი ალ-ბაღდადი სადამ ჰუსეინის მმართველობის დროსაც ჯიჰადისტი მებრძოლი იყო.

პირველად ალ-ბაღდადი 2010 წელს გამოჩნდა როგორც ერაყში ალ-ქაიდას ლიდერი. 2014 წელს კი გავრცელდა მოსულიში გადაღებული ვიდეო, რომელშიც ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში ხალიფატის დაარსებას აცხადებს.

ამის შემდეგ ალ-ბაღდადი არ გამოჩენილა და ვარაუდობდნენ, რომ ის საჰაერო თავდასხმებისას მოკვდა, თუმცა მიმდინარე წელს გავრცელებულმა ვიდეომ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა.

კომენტარები