ისრაელი

გაფიცვის გამო სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ისრაელის საელჩოები დაიხურა

0 კომენტარი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის საელჩოებისა და საკონსულოების თანამშრომლები გაიფიცნენ, მათ შორის აშშ-ში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და საქართველოშიც. მიზეზი ფინანსთა სამინისტროს მიმართ უკმაყოფილებაა.

საელჩოების თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ახალი პოლიტიკა ძველ შეთანხმებებს არღვევს და დიპლომატებს აიძულებს ათასობით დოლარის ხარჯი აანაზღაურონ.

"ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების გამო, რომელიც 2019 წლის 21 ივლისს მიღწეულ შეთანხმებას არღვევს, ცალმხრივ პროცედურას შემოიღებს და შეცვლის პროტოკოლს, რომელიც ათწლეულები მოქმედებდა, ჩვენ იძულებული ვართ საელჩოები დავხუროთ. დიპლომატები მუდმივად ცდილობენ ისრეალი გააძლიერონ. სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება გაფიცვის გარდა სხვა არჩევანს არ გვიტოვებს, რადგან ის ისრაელის სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს." ნათქვამია სხვადასხვა დიპლომატიური მისიის ვებ-გვერდებზე განთავსებულ განცხადებაში.

დავა შეეხება საზღვარგარეთ ისრაელის დიპლომატების და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ხარჯებს, მათ შორის საცხოვრებელ და ტრანსპორტის ხარჯებსაც. ფინანსთა სამინისტროს მათი ანაზღაურება და თანამშრომლებისათვის გადასახადების დაწესება სურს. გარდა ამისა, ახალი სისტემა რეტროაქტიული იქნება.

დიპლომატები წარსულშიც საუბრობდნენ დაბალ ხელფასებზე და ცუდ სამუშაო პირობებზე. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ისინი იფიცებიან. 2014 წელს მსოფლიოს გარშემო 103 საელჩო და საკონსულო გაიფიცა. მაშინ ფინანსთა სამინისტროსთან ხელფასების გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა დიპლომატები ამბობენ, რომ ცვლილება ძალაში ბოლომდე ჯერ კიდევ არ შესულა.

სექტემბერში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ფინანსების ნაკლებობის გამო დიპლომატიური საქმიანობის დიდი ნაწილი შეჩერდებოდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ისრაელში ყველა სამინისტროს ბიუჯეტი გაორმაგდა, შემცირდა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი.

ამჟამად ისრაელს მსოფლიოს გარშემო 69 საელჩო, 23 საკონსულო და 5 სპეციალური მისია აქვს.

გაფიცვის გამო საკონსულოს ყველა საქმიანობა და სერვისი შეჩერდება, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები