სექსუალური შევიწროება

ხელმძღვანელმა სტაჟიორი სექსუალურად შეავიწროვა - სახალხო დამცველის გადაწყვეტილება

0 კომენტარი
ფოტო: jogja.tribunnews.com

საქართველოს სახალხო დამცველმა კერძო კომპანიაში სტაჟიორის სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, ქალს სექსუალურად მისი უშუალო ხელმძღვანელი ავიწროებდა.

კომპანიის და თანამშრომლების სახელი უცნობია.

​ქალი ჰყვება, რომ მისი მისამართით იყო არასასურველ სექსუალური ხასიათის სიტყვიერი და ფიზიკური ქმედებები, რის გამოც შეექმნა დამამცირებელი სამუშაო გარემო და იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა.

კომპანიაში მისი მოვალეობა ხელშეკრულებების მომზადება, კონსულტაციები და სხვა იურიდიული საკითხების მოგვარება იყო. გარდა ამისა, ის კარგად ფლობს ინგლისურ ენას, ამიტომ ესწრებოდა ხელმძღვანელების შეხვედრებს და თარჯიმნობას ითავსებდა. ქალის თქმით, ეს შეხვედრები ხშირად კომპანიის ოფისში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ იმართებოდა და გრძელდებოდა ღამის საათებშიც.

ლ.გ.-ს საჯაროობა არ სურს, ამიტომ სახალხო დამცველის რეკომენდაციაში სახელები და გვარები დაფარულია. ომბუდსმენს სწორედ მან მიმართა და უთხრა, რომ 2018 წლის 10 მარტს, არასამუშაო დღეს იმყოფებოდა სამსახურში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. შეხვედრაზე მყოფი ადამიანები სვამდნენ ვისკის და მასაც შესთავაზეს. ქალმა უარი თქვა და 15:30 საათზე ნათესავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ოფისიდან გავიდა. თუმცა, მანამდე უშუალო ხელმძღვანელი, მ.ჩ. შეუთანხმდა, რომ დღის განმავლობაში კონკრეტული დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. სწორედ ამისთვის ის 18:00 საათზე დაბრუნდა სამსახურში, სადაც ხელმძღვანელი უკვე მარტო დახვდა.

ქალის თქმით, კაცმა მიაწოდა ჭიქა და უთხრა, რომ ეს ის ვისკი იყო, რომელიც რამდენიმე საათის წინ არ დალია და ახლა უნდა დაელია, რათა ნათესავის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნათ.

ლ.გ. ამბობს, რომ უარი უთხრა, რადგან მშიერი იყო და ვისკი მასზე ცუდად იმოქმედებდა. თუმცა, კაცმა მას დალევა კიდევ შესთავაზა და ქალის თქმით, რადგან დაჟინებით სთხოვდა დალევას, ჩათვალა რომ "ხვეწნა-მუდარას" სჯობდა ერთი ჭიქა დაელია, რათა მ. ჩ.-ს მისთვის თავი დაენებებინა. თუმცა, ამის შემდეგ კაცმა მას კიდევ ერთხელ დაუსხა ვისკი, რაზეც ქალმა ისევ უთხრა, რომ ალკოჰოლი მასზე ცუდად მოქმედებდა. ლ.გ-ს თქმით, ამის საპასუხოდ მ.ჩ.-მ უთხრა, რომ მასთან პრობლემა არ იყო და მოუვლიდა, რის შემდეგაც აღნიშნ, რომ ბოთლი უკვე იცლებოდა. ქალი ჰყვება, რომ კიდევ ერთი ჭიქის დალევას დათანხმდა, რადგან ჩათვალა, რომ თუ ვისკი მეტი აღარ იქნებოდა, დალევას აღარ დააძალებდა.

ყოფილი სტაჟიორის თქმით, ამის შემდეგ ხელმძღვანელი ჩაეხუტა და აკოცა, რაც ცუდ ტონად არ ჩაუთვლია, რადგან მის მიმართ მანამდე ყოველთვის მეგობრულ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა. ქალი იხსენებს, რომ კაცი გავიდა სხვა ოთახში, ვისკის ახალი ბოთლი გამოიტანა და კვლავ შეავსო ჭიქები. თუმცა, ლ.გ.-ს თქმით, ის ამ დროს თავს უკვე არაკომფორტულად გრძნობდა. ის ჰყვება, რომ პარალელურად, აგრძელებდნენ დოკუმენტზე მუშაობას და მ.ჩ.-მ უთხრა, რომ სამსახურში მისი აყვანა ზემდგომებს სწორედ მან ურჩია და უთხრა მათ - "ის ლამაზი გოგო თუ ჭკვიანიც არის...". ქალის თქმით, ამ რეპლიკის შემდეგ ხელმძღვანელს უთხრა, რომ სამსახურში ინგლისურის კარგად ცოდნის გამო აიყვანეს და მის სილამაზეს პროფესიასთან და დასაქმებასთან კავშირი არ აქვს. პასუხად, მ. ჩ.-მ გაიყვანა სააბაზანო ოთახში, სარკეში ჩაახედა და უთხრა, რომ საკუთარ თავს სათანადოდ ვერ აფასებდა, ვინაიდან, სარკეში ჩანდა ლამაზი გოგო, "რომელსაც აქვს ლამაზი თვალები, წარბები, ტუჩები, კბილები და ლამაზი ძუძუს თავები". ქალი აღნიშნავს, რომ შექმნილი გარემო მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო, თუმცა, არ იცოდა რა ეპასუხა, ამიტომ, ხელმძღვანელს მუშაობის გაგრძელება შესთავაზა.

ლ.გ.-ს თქმით, მალე ოფისში დამლაგებელი მოვიდა, თვითონ კი ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში გავიდა. დამლაგებლის წასვლის შემდეგ, ხელმძღვანელმა კარი კვლავ ჩაკეტა. ქალმა მას უთხრა, რომ თავს კარგად ვერ გრძნობდა, მ.ჩ.-მ კი ოფისის ჰოლში დასვენება შესთავაზა. ლ.მ.-ს თქმით, გასვლის დროს კაცმა ძლიერად მოჰკიდა ხელი და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკოცა, რასაც ის შეეწინააღმდეგა და სთხოვა შეეწყვიტა.

ქალი ჰყვება, რომ კაცი დივანზე გვერდით მიუჯდა, შემდეგ ჩაისვა კალთაში, ხელით ეხებოდა სხეულზე, მათ შორის სასქესო ორგანოზე, გაუხსნა კაბის ღილები, ეფერებოდა და კოცნიდა მკერდზე. მისი თქმით, თავი შეუძლოდ იგრძნო და იყო შოკურ მდგომარეობაში, მ. ჩ. კი ეუბნებოდა, რომ არაფრის შეშინებოდა, რადგან ოფისში ვიდეო კამერები არ იყო დამონტაჟებული.

ქალი იხსენებს, რომ ამის შემდეგ გაიგო ქამრის და ელვაშესაკრავის შეხსნის ხმა. ეშინოდა თვალების გახელის, თუმცა, მარჯვენა ხელზე იგრძნო რბილი სხეულის შეხება, რომელიც ჩათვალა, რომ მ. ჩ.-ს სასქესო ორგანო უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, როცა კაცმა გაიაზრა, რომ ის თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, სააბაზანო ოთახში გავიდა.

ლ.მ. სახალხო დამცველთან მიუთითებს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში უგონოდ იყო, ხოლო როცა თვალი გაახილა და წამოდგომა შეძლო, მისი ხელმძღვანელი უკვე კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. ქალმა მას ჰკითხა, დაასრულა თუ არა მუშაობა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ის ჰყვება, რომ შემდეგ, მათ დატოვეს ოფისი და ხელმძღვანელმა მანქანით სახლამდე მიიყვანა.

ქალი სახალხო დამცველთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომდევნო სამუშაო დღეს, ორშაბათს სამსახურში კვლავ მივიდა, თუმცა მისთვის იქ მუშაობა აუტანელი იყო, ამიტომ ხელმძღვანელს დაელაპარაკა და უთხრა, რომ წასვლას აპირებდა. მან ომბუდსმენის აპარატში ამ საუბრის აუდიო ჩანაწერი წარადგინა. ჩანაწერში, მ.ჩ.-სგან, მათ შორის, ისმის შემდეგი:

"...რაც შაბათს რაღაც გარკვეული მოვლენები განვითარდა, სუფთა ადამიანურად ვიტყვი, ნუ საერთოდ არ მიფიქრია რაღაც ცუდი, მოდი პირდაპირ გეტყვი თქვენზე, მართლა ღმერთი, რჯული, ჩემი ბრალია, გარკვეული თავშეკავების მოცემულობები, მაგრამ რომ დალევ მერე..."

ჩანაწერში ასევე ისმის, რომ ხელმძღვანელი სტაჟორს ბოდიშს უხდის.

ქალი ჰყვება, რომ ამ საუბრიდან ერთ საათში მას კომპანიის ხელმძღვანელმა დაურეკა და სთხოვა ცოტა ხნით გაეგრძელებინა მუშაობა. მისი თქმით, არ სურდა ორგანიზაციისთვის პრობლემები შეექმნა, ამიტომ დათანხმდა. 15 მარტს კი შეხვდა ხელმძღვანელებს და წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზებზე ესაუბრა, რის შემდეგაც შეპირდნენ, რომ გარკვეულ ღონისძიებებს გაატარებდნენ და სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ, არ წასულიყო კომპანიიდან. 19 მარტს ხელმძღვანელებს ის კვლავ შეხვდა და იკითხა, რა ზომები მიიღეს მომხდართან დაკავშირებით, რაზეც უპასუხეს, რომ გადატარებული ღონისძიებების შესახებ შეატყობინებდნენ. ქალმა სახალხო დამცველთან ამ საუბრების ჩანაწერებიც წარადგინა.

ლ.გ.-ს თქმით, შეხვედრის შემდეგ ჩათვალა, რომ მისთვის ამ კომპანიაში მუშაობა დაკავშირებული იყო სულიერ ტანჯვასთან სამსახურის დატოვება გადაწყვიტა. 20 მარტს მან კომპანიას ოფიციალურად მიწერა გათავისუფლების შესახებ.

2018 წლის 24 აპრილს ლ.გ.-მ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. ხმის ჩანაწერებთან ერთად, მან წარადგინა დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო მძიმე. კერძოდ, აღენიშნებოდა დეპრესიისა და სექსუალური ხასიათის ტრავმული გამოცდილებიდან გამომდინარე უკიდურესი დათრგუნულობის, იმედგაცრუებისა და უსუსურობის განცდა.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქმის შესწავლის პროცესში, გამოითხოვა ინფორმაცია კომპანიისგან, შედგა პირადი გასაუბრება როგორც ლ.გ.-სთან, ასევე მესამე პირებთან. თავად მ.ჩ.-მ ომბუდსმენის წარმომადგენელთან პირადად გასაუბრებაზე უარი თქვა. ის მომხდარს უარყოფს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ლ.გ.-ს მიერ წარდგენილი ყველა აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა დაადასტურა, ამასთან, მიუთითა, რომ ხუთივე ჩანაწერზე საუბრები მიმდინარეობს ქართულ ენაზე და მათი ხარისხი, მოსმენის თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელია.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქალის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ამყარებს მის მიერ მითითებულ ფაქტებს, მ.ჩ.-ს არგუმენტაცია კი წარმოშობილი ვარაუდის გასაქარწყლებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

"საქმეში არსებული მასალების, მხარეთა გამოკითხვისა და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების, მათ შორის, მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაციის და აუდიო ჩანაწერების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ მ. ჩ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროფესიული მდგომარეობის გამოყენებით, ლ. გ.-ს მიმართ არასასურველი, სექსუალური ხასიათის ვერბალურ და ფიზიკურ ქცევას, რომელმაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო", - აღნიშნულია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

ომბუდსმენი მ.ჩ.-ს მიმართავს, მომავალში პროფესიულ თუ სხვა სახის ურთიერთობებში, არ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ინდივიდებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მათი ღირსებისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემო. ხოლო კომპანიის მიმართ რეკომენდაცია არის დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების შრომის შინაგანაწესში, ხელშეკრულებებსა და სხვა დოკუმენტებში ასახვა, მათი შესრულების უზრუნველყოფა და სამუშაო ადგილზე თანაბარი მოპყრობის პრინციპის დასაცავად საჭირო ღონისძიებების გატარება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს მოხდა" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები