რუსეთი

რუსეთში გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის კანონი ამოქმედდა

NEWSWEEK

რუსეთში გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის ე.წ. სუვერენული ინტერნეტის კანონი ამოქმედდა. "სუვერენული ინტერნეტის" კანონი რუს მაღალჩინოსნებს მეტი ცენზურის უფლებას ანიჭებს. კანონი მიზნად ისახავს, ინტერნეტპროვაიდერებმა შეიმუშავონ ისეთი ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც, თუკი "გარე ძალები" ქვეყნის საერთაშორისო ინტერნეტისგან იზოლირებას შეეცდებიან, რუსეთს ინტერნეტი მაინც მიეწოდებოდეს. 

აღნიშნული კანონით რუსეთის მთავრობას ქვეყანაში "საგანგებო ვითარებაში" შეეძლება გათიშოს კავშირი ან სრულიად მოაშოროს რუსეთი მსოფლიო ვებსივრცეს (WWW). ამისთვის მათ თავდაპირველად ალტერნატიული ინტერნეტ დომენი უნდა შექმნან. მთავრობა გადაწყვეტს, თუ რა შეიძლება იყოს საგანგებო ვითარება და რა ზომები უნდა მიიღონ მათ. 

კანონით ასევე ინტერნეტ სერვისის მომწოდებლები ვალდებულნი არიან დააყენონ ისეთი ქსელური მოწყობილობა ე.წ. შემოწმების ღრმა პაკეტი, რომლითაც ინტერნეტში წყაროს და შინაარსის იდენტიფიცირება შეეძლებათ. 

ამ სისტემის ცდები სექტემბერში უარალში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. Novaya Gazeta ინფორმაციით, ცდები წარუმატებლად მიმდინარეობს, ხოლო Interfax-მა გასულ კვირას დაწერა, რომ სისტემის თავდაპირველმა ცდებმა წარმატებით ჩაიარა. 

რუსეთში ამბობენ, რომ კანონის ფორმალურად ამოქმედების მიუხედავად, ის ამჟამად გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთს ამის საჭირო ტექნოლოგიები ჯერჯერობით არ გააჩნია. რუს მაღალჩინოსნებს ტექნოლოგიის დანერგვის ბოლო ვადად 2021 წლის იანვარი აქვთ აღებული.

კრემლში აცხადებენ, რომ კანონი კიბერუსაფრთხოებას გააძლიერებს, ხოლო ინტერნეტმომხმარებლები ცვლილებას ვერ შენიშნავენ. ინფორმაციის პოლიტიკის შესახებ რუსეთის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ ლევინმა თქვა, რომ კანონის სახელწოდება სუვერენული ინტერნეტი სწორად არ გამოხატავს მის შინაარსს - "ეს უფრო სანდო ინტერნეტის შექმნას გულისხმობს, რაც საგარეო ზემოქმედების შემთვევაში, მაგალითად, მასობრივი კიბერთავდასხმის დროს მუშაობას გააგრძელებს".

მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვთ მათ, ვინც ფიქრობს, რომ კანონი ცენზურის დამატებითი იარაღია. "ახლა მთავრობას პირდაპირ შეეძლება შინაარსის ცენზურა და საზოგადოებისგან ფარულად რუსეთის ინტერნეტს ჩაკეტილ სისტემად გადააქცევს," - თქვა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ორგანიზაციის დირექტორმა რეიჩელ დენბერმა. 

კანონი სრულიად ამოქმედების შემდეგ ინტერნეტის მარეგულირებელ სააგენტოს როსკომნადზორს უფრო ეფექტურად შეეძლება დაბლოკოს სხვადასხვა მისთვის არასასურველი ვებგვერდები. რუსეთის მთავრობას სურს, რომ რუსული ვებგვერდები და მასში არსებული ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი გახდეს და უცხოურ სერვერებზე დამოკიდებულება შეწყვიტონ, სადაც სამთავრებო კონტროლი, ხშირ შემთხვევაში, ვერ წვდება. კანონით მთავრობას შეეძლება დაბლოკოს არასასურველი ვებგვერდები იურიდიული თანხმობის გარეშე და საზოგადოებისგან ფარულად. შედეგად, მომხმარებლები ვერ გაიგებენ რომელი გვერდია დაბლოკილი და რატომ.

მარტში მოსკოვში "სუვერენული ინტერნეტის" კანონის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში რუსეთის სახელმწიფო დუმამ რუსული ინტერნეტის იზოლაციის შესახებ კანონი მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო

Interfax-ის წყაროს ცნობით, ბიუჯეტში მომავალ 3 წელში 1.8 მილიარდი რუბლია გათვალისწინებული ამ კანონის შესასრულებლად. დეპუტატი ანდრეი კლიშასი ამბობდა, რომ ამ ინიციატივის შესასრულებლად 20 მილიარდი რუბლია საჭირო. 

2018 წლის ოქტომბერში ინგუშეთში მიმდინარე აქციების დროს მაღალჩინოსნებმა მობილური ინტერნეტი თითქმის ორი კვირით გათიშეს. 2019 წლის ზაფხულში მოსკოვში ანტისამთავრებო აქციებზე მობილურის ინტერნეტ კავშირი დროებით შეწყდა, აქციის ტერიტორიაზე მონაწილეებს სატელეფონო ზარების განხორციელებაც უჭირდათ.

რუსეთში ეჭვობენ, რომ კრემლს ჩინეთის FireWall-ის მსგავსი ჩაკეტილი ინტერნეტ სივრცის შექმნა სურს. მიმდინარე თვეში რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ინტერნეტსივრცეში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ინტერნეტში არალეგალური შინაარსის ინფორმაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ორ მარეგულირებელს შორის ამ სფეროში კოოპერაციამ, შესაძლოა, რუსეთის უკვე შეზღუდული ინტერნეტ სივრცე კიდევ უფრო ჩაკეტილი და კონტროლირებული გახადოს.

კომენტარები