პროკურატურა: მეუფე იაკობის განცხადებებში წინააღმდეგობებია, ამიტომ არ იწყება გამოძიება

მეუფე იაკობი
ipn.ge

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, "გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს". პროკურატურა მეუფე იაკობის საჯარო ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადებას "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" ავრცელებს.

"თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს.

პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვერ დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აწესებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შეფასების უფლებამოსილებას.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას. აუცილებელია გაირკვეს, თუ მოცემული ფაქტებიდან რომელი უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მიუთითებს თუ არა ფაქტები კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, განცხადებათა სიმრავლის შემთხვევაში საჭიროა თითოეული მათგანი შეფასდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფაქტები დაექვემდებაროს შეფასებას" - აღნიშნავს პროკურატურა.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს. აღსანიშნავია, რომ მეუფე იაკობს ლიკვიდაციაზე საუბრისას არ დაუსახელებია კონკრეტული სახელისუფლებო პირები. მან თქვა, რომ ილია მეორის მკვლელობას ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი გეგმავდნენ.

"აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას" - აცხადებს პროკურატურა, მაშინ როცა, ეპისკოპოსს არც თავიდან დაუდანაშაულებია გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის ლიკვიდაციაში. ექსპრემიერმინისტრთან, მაშინდელ ეკონომიკის მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ ვახო გომელაურთან შეხვედრის შესახებ ეპისკოპოსი ყვება, ისინი პატრიარქის გადაყენებას "ეჩალიჩებოდნენ".

"რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული  ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქარველოს პროკურატურაში ასევე შეფასებულ იქნა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნა დაუდასტურებელ ინფორმაციად" - აცხადებს პროკურატურა.

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

მეორე დღეს მეუფე იაკობმა შენდობა მხოლოდ ლექსიკის გამო მოიხადა და თქვა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. მან ქორეპისკოპოსის პოსტი დატოვა.

ოპოზიცია მეუფე იაკობის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

კომენტარები