ბრექსითი

ფარაჟი ჯონსონს მოუწოდებს ბრექსითის გეგმაზე უარი თქვას და მის პარტიასთან ალიანსი შექმნას

ნაიჯელ ფარაჟი
Reuters

ბრექსითის პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მოუწოდებს უარი თქვას მიერ მიერ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებაზე და ბრექსითის მომხდრე პარტიებთან ალიანსში შევიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კონსერვატიულ პარტიას 12 დეკემბრის არჩევნებში ამომრჩევლების წართმევით ემუქრება.

"ბორის ჯონსონს ამას ვეტყოდი: უარი თქვი შეთანხმებაზე იმიტომ, რომ ეს ბრექსითი არაა, იმიტომ, რომ კვირების გადის და ხალხი ხედავს რაზეც მოაწერე ხელი და მათ ეს არ მოსწონთ. ეს ბრექსითი არაა. [ჯონსონი] ცდილობს ნახმარი ძრავი გაყიდოს და მანქანას გარედან წმენდს, თუმცა ამის ქვეშ არაფერი შეცვლილა, ეს ისევ მეის საშინელი ხელშეკრულებაა, რომელიც დანებებას უდრის." თქვა ფარაჟმა.

ფარაჟმა თქვა, რომ თუ ჯონსონი მის მოწოდებას 14 ნოემბრამდე არ დათანხმდება, მისი პარტია პარლამენტში ყველა ადგილისათვის იბრძოლებს.

"ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ადგილისათვის ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მზად ვართ." თქვა მან.

კონსერვატიულ პარტიაში მის მოწოდებაზე უარი თქვეს. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ჯეიმს ქლევერლი ამბობს, რომ ფარაჟისათვის ხმის მიცემა ლეიბორისტულ პარტიას დაეხმარება მთავრობაში მოსავლაში და ბრექსითს გააუქმებს.

"ფარაჟისათვის ხმის მიცემა რისკს ქმნის, რომ ჯერემი კორბინი დაუნინგ სტრიტში უკანა კარიდან შეაღწევს და ქვეყანა 2020 წელს ბრექსითისა და შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში გაატარებს." თქვა მან.

ფარაჟი UKIP-ის ლიდერი იყო და მისი კამპანიის შედეგად ყოფილი პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის წინამორბედმა დევიდ კამერონმა ბრექსითის რეფერენდუმი დანიშნა, რომელშიც ფარაჟი აქტიურად მონაწილეობდა.

მიმდინარე წლის მაისში ბრიტანეთში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში გამარჯვება ნაიჯელ ფარაჟის მიერ შექმნილმა ახალმა, ბრექსითის პარტიამ მოიპოვა. მათ 28 ადგილი მიიღეს.

მეორე ადგილი ევროკავშირში დარჩენის მომხრე ლიბერალ-დემოკრატებმა დაიკავეს. მათ 15 ადგილი მოიპოვეს. 2014 წლის არჩევნებთან შედარებით დიდი დანაკარგი აქვთ კონსერვატიულ და ლეიბორისტულ პარტიებს. ლეიბორისტულმა პარტიამ 10, მწვანეთა პარტიამ 7, ხოლო კონსერვატიულმა პარტიამ 3 ადგილის მოპოვება შეძლეს.

ევროკავშირის არჩევნებში მონაწილეობა ბრიტანელი ამომრჩევლების 37%-მა მიიღო.

მაშინ ფარაჟმა თქვა, რომ ორ მთავარ პარტიას შეუძლია ამ შედეგებისაგან "დიდი მესიჯი" მიიღოს. მან ბრექსითის მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს 12 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

ბორის ჯონსონს იმედი აქვს, რომ კონსერვატიული პარტია საკმარის ხმებს მოიპოვებს იმისათვის, რომ ევროკავშირთან შეთანხმებული ბრექსითის გეგმის დასამტკიცებლად ოპონენტების მხარდაჭერა აღარ დასჭირდეს.

1923 წლის შემდეგ ეს ბრიტანეთში დეკემბერში არჩევნების ჩატარების პირველი შემთხვევა იქნება. 

ვადამდელი არჩევნების გეგმის კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ჯონსონმა ოფიციალურად მიიღო ევროკავშირისაგან ბრექსითის ბოლო ვადის 31 იანვამდე მოქნილი პირობებით გადაწევის შეთავაზება. ევროკავშირისადმი მიწერილ წერილში ჯონსონი წერს, რომ 3-თვიანი გადავადება, რომელიც მას პარლამენტმა აიძულა, არასასურველი იყო.

გადავადების მოქნილი პირობები დიდ ბრიტანეთს საშუალებას უტოვებს ევროკავშირი ბრექსითის ბოლო ვადამდე დატოვოს, თუ ბრექსითის შეთანხმების მიღწევა მოხერხდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირს შეთანხმების გარეშე არ დატოვებს, თუ პარლამენტი მის დამტკიცებას ვერ მოახერხებს.

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს გადავადება არ სურდა, თუმცა იძულებული გახდა ევროკავშირისთვის ეს მაინც ეთხოვა, რადგან პარლამენტმა მისი გეგმის დაჩქარებულ ვადაში განხილვაზე უარი თქვა. ამის შემდეგ ჯონსონი დაიმუქრა, რომ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა.

კომენტარები