რუსთავი 2-ის საქმე

ე.წ "ბარტერით" შეძენილი პორშე - პროკურატურამ ნიკა გვარამის ბრალი დაუმძიმა

0 კომენტარი

პროკურატურამ რუსთავი 2-ის საქმეზე ტელეკომპანიის ყოფილ და მთავარი არხის მოქმედ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბრალი დაუმძიმა. პროკურატურა მას Porsche Macan S-ის ე.წ "ბარტერის" საფუძველზე ყიდვას ედავება, რითიც რუსთავი 2-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. 

პროკურატურის განცხადებით, გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

უწყების ცნობით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ "პორშეს ცენტრში" მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porsche Macan S, რომლის შეძენის მიზნით, პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ზ.გ.-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, შესთავაზა, რომ ავტომობილს რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ შეიძენდა. 

ამასთან, პროკურატურის ცნობით, გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ ბარტერზე დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს "პროესკო მედიას" მეშვეობით. 

პროკურატურის ინფორმაციით, შეთანხმებისამებრ 2019 წლის 27 თებერვალს "პორშეს ცენტრსა" და შპს "პროესკო მედიას" შორის ავტომანქანა Porsche Macan S-ის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ღირებულებით 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრება შპს "პროესკო მედია" დაფიქსირდა. 

"იმავე დღეს, "პორშეს ცენტრსა" და შპს "პროესკო მედიას" შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად,"- წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასრულებდა და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს შპს "პროესკო მედიას" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა რუსთავი 2-ში რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას. 

"ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი - ,,Porsche Macan S”, ხოლო შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი,"- წერია განცხადებაში. 

რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის, ადვოკატის განცხადების საფუძველზე, პროკურტურამ ნიკა გვარამიას ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა. 

მას საგამოძიებო უწყება გამორჩენის მიზნით უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, გვარამიას ქმედებების შედეგად რუსთავი 2-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები