ე.წ ციანიდის საქმე

"იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა" - დეკანოზის ახალი წერილი

0 კომენტარი
დეკანოზი გიორგი მამალაძე და მეუფე პეტრე ცაავა ფოტო: Facebook/ Mariam Tarielashvili

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებას ელოდება, ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა, მოინახულა, რომელმაც მედიასთან დეკანოზის წერილი გამოიტანა. 

წერილში დეკანოზი მამალაძე "მადლობს სული წმინდა ღმერთს, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება". დეკანოზი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად. 

ამასთან, რამიშვილის თქმით, წერილში დეკანოზი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მას ექნება საშუალება, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

"ამავდროულად მისთვის სინოდზე და სინოდის შემდგომ განვითარებული მოვლენები დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი გაგვანათლებს ყოველთა,"- ამბობს მიხეილ რამიშვილი მედიისთვის მიცემულ კომენტარში. 

რამიშვილს ჟურნალისტებმა დეკანოზსა და სინოდს შორის შესაძლო გარიგების არსებობასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, გამომდინარე იქიდან, რომ 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის გამართვამდე დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ, თქვა, რომ თუკი სინოდი პრეზიდენტთან შეწყალების შუამდგომლობას არ დააყენებს, იგი დეკანოზის ხელთ არსებულ ინფორმაციას გაასაჯაროვებს. 

"მორიგება-გარიგებას მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ. ეს არის ისევე ღმერთის ნებით ყველაფერი,"- ამბობს რამიშვილი. 

ადვოკატის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის ისევ ვერ ამოძრავებს მარჯვენა ხელ-ფეხს. 

31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალების საკითხზე უშუამდგომლონ. 

საქართველოს პრეზიდენტს შეწყალებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული, ვინაიდან, გაირკვა, რომ მან 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე მძიმე დანაშაულში ბრალდებული რამდენიმე პირი შეიწყალა. ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილმა კი საპასუხოდ შეწყალებაზე უარი თქვა მანამ, სანამ "არ გადაიხედება და შემუშავდება შეწყალების წესები"

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 5 სექტემბერს ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელად დატოვა. 

მამალაძის ოჯახი, ასევე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მის შეწყალებას ითხოვდა. პეტრე ცაავა საპატრიარქოს სწორედ მამალაძის საკითხზე დაუპირისპირდა. 

მეუფე პეტრე ცაავა ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან სინოდმა დღეს, 31 ოქტომბერს გადააყენა. სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მან თქვა, რომ ამის მიზეზი ეკლესიაში "პიდარასტიის ცოდვის მხილებაა". კერძოდ კი, მისი თქმით, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II "პედერატიისა და მამათმავლობის ცოდვითაა შეპყრობილი". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები