საპატრიარქო

მეუფე გრიგოლი: უწმინდესმა 2017 წელს ბრძანა, რომ შევუცვალოთ ეპარქია მეუფე პეტრესო

ჭყონდიდის ეპარქიის ახალი ხელმძღვანელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია ამბობს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრესთვის ეპარქიის შეცვლა ჯერ კიდევ 2017 წელს გადაწყვიტა. 

"იმ დროს სინოდმა სთხოვა პატრიარქს, თუ შეიძლება, მივცეთ გაფრთხილებაო მეუფე პეტრეს. ერთი, ორი, სამი... გავიდა ხუთი სინოდი და იმის მერე ასეთი სიტუაციაა,"- ამბობს ეპისკოპოსი გრიგოლი მედიასთან საუბარში. 

ეპისკოპოსის თქმით, მიტროპოლიტისადმი კიდევ ერთი გაფრთხილება იყო, როდესაც ილია II-ის კურთხევით ის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩავიდა და მიტროპოლიტ პეტრეს პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან შერიგება ურჩია. 

"ნუ, მეუფემ თქვა, მე მივდივარ ბოლომდე," - ამბობს ეპისკოპოსი გრიგოლი. 

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა ამჯერად მიტროპოლიტ პეტრეს მოუწდეს თავშეკავებისკენ. 

"უთხრეს მას, "მეუფე, არ გინდა, რატომ აკეთებ"... "არ გააკეთო, გეხვეწები, ძმურად, მეგობრულად". ნუ, მივიღეთ შედეგი," - ამბობს ეპისკოპოსი. 

31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში "მამათმავლობის მხილება" დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს "პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი" უწოდა. 

ჭყონდიდის ეპარქია ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარეს, მიტროპოლიტ პეტრეს გეგმები კი უცნობია. როგორც თავად ამბობს, ის შესაძლოა თბილისში წავიდეს. 

ამის შესახებ მან მას შემდეგ ისაუბრა, რაც ცნობილი გახდა, რომ პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს ნაცვლად, ინჩხურის მონასტერში გაეგზავნათ. მიტროპოლიტი ამბობს, რომ შიომღვიმეს მონასტერში არ წავა. 

კომენტარები