აიისას საქმე

საკონსტიტუციო სასამართლომ "აიისას" სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო

0 კომენტარი

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანიის "აიისა" მფლობელის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. 

საქმე "ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" ეხება 2 წლის წინ საერთო სასამართლოების მიერ კომპანიის დაჯარიმებას "არაეთიკური რეკლამების გავრცელების" გამო. 

მოსარჩელე ანანია გაჩეჩილაძე, რომლის ინტერესებსაც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) დაიცავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე დაობს, რომელიც არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

სარჩელში ასევე სადავოდაა გამხდარი სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სახელმწიფო დროშის ან გერბის შებღალვისთვის. 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები გაუმართლებლად ლახავს გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და მე-20 მუხლები) და ამავდროულად არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს (31-ე მუხლის მე-9 პუნქტი). კერძოდ, მოსარჩელის აზრით, საჯარო მორალისა და სხვათა რელიგიური გრძნობების დაცვის მოტივით ამ უფლებების შეზღუდვა არაკონსტიტუციურია. 

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები შეიცავს ბუნდოვან დებულებებს ("შებღალვა", "ჰუმანური და ზნეობრივი ნორმების დარღვევა"), რაც მათი გამოყენების სფეროს განუჭვრეტელს ხდის. GDI-ის განცხადებით, ასეთი ნორმების სამართლებრივ სივრცეში არსებობა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშ იარაღს წარმოადგენს. 

"სწორედ ამიტომ, აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სამომავლოდ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური სტანდარტის განვითარებაზე,"- წერს ორგანიზაცია. 

2018 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ამ გადაწყვეტილებით, ლაშა თავართქილაძემ თბილისის მერიის განცხადება დააკმაყოფილა და ანანია გაჩეჩილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის 159-ე მუხლით (რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის და აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა).

მოგვიანებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები