And Then We Danced

ჯაღმაიძე And then we danced​-ზე: გამოვთქვამთ პროტესტს, ალბათ კვლავ ატყდება ეკლესიის წინააღმდეგ ისტერია

ტვ პირველი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" არის "ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა" და ამაზე ეკლესია პროტესტს გამოთქვამს.

ანდრია ჯაღმაიძე ვარაუდობს, რომ ამის გამო ეკლესიის წინაღმდეგ "კვლავ ატყდება ისტერია".

"უახლოეს მომავალში ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ ჩვენ ვიცით, რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს ფილმი, რომელიც გადაიღეს გეი წყვილის სიყვარულზე, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობა არის ჩვენს საზოგადოებაში და ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს. ეს ალბათ გახდება მიზეზი, ეკლესიაზე კიდევ ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ მე, რომ ზოგადად, ეკლესიას სულ აქვს საბრძოლველი", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ ტვ პირველის ეთერში.

დღეს, 4 ნოემბერს, ანდრია ჯაღმაიძემდე ფილმის შესახებ განცხადება გააკეთა "ქართული მარშის" ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ და თქვა, რომ And then we danced-ის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მისი ინფორმაციით, მარშის წევრები კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირებას "მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. 

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

კომენტარები