ათწლეულების განმავლობაში პირველად 55 წლის ჰოლივუდის მსახიობი კიანუ რივზი წითელ ხალიჩაზე მეგობარ ქალთან ერთად გამოჩნდა.
ბიზნეს-პარტნიორთან, ალექსანდრა გრანტთან ერთად მსახიობი LACMA ხელოვნებისა და ფილმების გალას დაესწრო, რომელიც ლოს-ანჯელესში Gucci-ის ორგანიზებით 2 ნოემბერს გაიმართა. ეს მსახიობის პირველი საჯარო რომანია მას შემდეგ, რაც ის მსახიობ ჯენიფერ საიმს დაშორდა.
კიანუ რივზი და ალექსანდრა გრანტი ერთად რამდენიმე პროექტზე მუშაობდნენ და მათ საგამომცემლო სახლი X Artists' Books დააფუძნეს.
ჰოლივუდის მსახიობსა და 46 წლის არტისტის ქმედებებით, მედიისთვის ცხადი გახდა, რომ ისინი არაფრის დამალვას არ აპირებდნენ და მსოფლიო პრესის კამერების წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთად, ხელჩაკიდებულები პოზირებდნენ.
წითელ ხალიჩაზე ერთად გამოჩენამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში ყვითელ პრესაში ბევრს წერდნენ იმის შესახებ, რომ რივზისა და გრანტის ურთიერთობა სერიოზული იყო. ოქტომბრის შუა რიცხვებში პაპარაცებმა ისინი ლოს-ანჯელესის ერთერთი სუში ბარიდან გამოსულები დააფიქსირეს.
კიანუ რივზი თავის პირად ცხოვრებას არასდროს ასაჯაროვებდა. ჰოლივუდის ვარსკვლავს სხვადასხვა დროს ურთიერთობა ჰქონდა ამანდა დე კადენესთან, სანდრა ბულოკთან და კლერ ფორლანისთან, თუმცა უცნობია, რამდენად სერიოზული იყო ეს ურთიერთობები. 90-იანი წლების დიდი დრო კი რივზს მსახიობ ჯენიფერ საიმთან აქვს გატარებული, რომელიც დევიდ ლინჩთან მუშაობდა. რივზი და საიმი შვილს ელოდებოდნენ, თუმცა 1999 წელს, ნაადრევი მშობიარობის შედეგად, გოგო ბავშვი, სახელად ავა, გარდაიცვალა. 2001 წელს კი 28 წლის ჯენიფერ საიმი ავარიაში მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა. სწორედ ამ ისტორიის შემდეგ რივზი მეგობარ ქალთან ერთად საჯაროდ აღარ გამოჩენილა.