ძალადობრივი ჯგუფები

არასამთავრობოები შსს-ს ძალადობრივი ჯგუფების მუქარაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებენ

„კოალიცია თანასწორობისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალადობრივი ჯგუფების მუქარაზე ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს. კოალიცია ძალადობრივი ჯგუფების ხელმძღვანელების მიერ მედიაში გავრცელებულ მუქარას ეხმაურება.

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“  პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.

გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს. 

არასამთავრობოების ერთობლივ განცხადებაშიი წერია, რომ მუქარის გამო რეალური საფრთხე ექმნებათ იმ პირებს, რომლებიც 8 ნოემბერს ფილმზე დასწრებას აპირებენ. 

"შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ხელისუფლება, ძალადობრივი ჯგუფების  მუქარისა და რიტორიკის საპასუხოდ, არ აკეთებს განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლურ განცხადებებს. მათი პოლიტიკური რიტორიკა და გზავნილები დაუცველი ჯგუფების მიმართ უმეტესწილად ორაზროვანია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის ცნებებს. ხელისუფლება არათუ რიტორიკის დონეზე არ ეწინააღმდეგება მსგავსი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს, არამედ ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით, ხელს უწყობს მათ ძალადობრივ ქმედებებს," - წერია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან მოსალოდნელი ქმედებების ხელშეწყობად აფასებს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას ქართული ფასეულობების დაკნინების მცდელობად აფასებს. 

"ცალკე უნდა აღინიშნოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ორივე დაპირისპირებული ჯგუფის ნეგატიური როლი. წლებია ისინი ძალაუფლების განმტკიცებისა თუ მისი მოპოვების მიზნით, ახდენენ ლგბტი თემის ინსტრუმენტალიზაციას და მისგან მტრის ხატს ქმნიან."

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გააკეთონ ტოლერანტობის მხარდამჭერი არაორაზროვანი განცხადებები, ასევე წინასწარ გააფრთხილონ პოტენციური კანონდამრღვევები მოსალოდნელი პასუხისმგელობის თაობაზე და ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 8 ნოემბრამდე გაატაროს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად და შესაბამისი რაოდენობის პოლიცია იყოს მობილიზებული კინოთეატრების ტერიტორიაზე. 
 

განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:

 საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)

 ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)

 კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 კავშირი „საფარი“

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

 პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

 საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

 ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

კომენტარები