სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

დეკანოზი ზაქარია: მეუფე ზოსიმე სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა

საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი კვიპროსში, დეკანოზი ზაქარია ფერაძე ამბობს, რომ მეუფე ზოსიმეს მხრიდან სასულიერო აკადემიის სტუდენტთან "გარკვეული ურთიერთობის დამყარების მცდელობა" იყო, რის შემდეგაც ის აკადემიიდან რამდენიმე დღით გაუშვეს, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა.

"იყო გარკვეული ურთიერთობის დამყარების მცდელობა, როგორც თვითონ ამბობდა. [ეს მოხდა] თბილისში, სასულიერო აკადემიაში. ძალიან მორწმუნე ახალგაზრდა იყო მოსული ეკლესიაში, ძალიან წესიერი იყო და ერთი პერიოდი, ძალიან აერია, ვეღარ ვცნობდით, ძალიან ცუდად იყო. მერე როგორც ჩანს, გამოტყდა, თქვა ეს ამბავი და მოხდა მხილება. უბრალოდ დაინტერესდა რამდენიმე სტუდენტი და... არ დაუსჯიათ მაშინ, უბრალოდ სტუდენტებთან შეთანხმებით წავიდა რამდენიმე დღით. სტუდენტებთან მოილაპარაკა, რომ უნდა წასულიყო საერთოდ, მაგრამ უშიშროებამ დააბრუნა", - ამბობს მამა ზაქარია ტელეკომპანია მთავართან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში არ იმყოფება, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმეს სტუდენტი კაცის შევიწროებაში დასდო ბრალი. მან გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, მეუფე ზოსიმემ მხილების შემდეგ დაწერა და გადადგა.

ამასთან, ტაბულამ მოიპოვა ის წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ცნობით, 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა დაწერა. ის სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. წერილი მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს გაეგზავნა და იქ სტუდენტი დეტალურად ყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

"ზოსიმე მომადგა უკნიდან, მომხვია ხელები და თავზე მაკოცა. ერთიანად გავწითლდი და ყელში ბოღმა მომაწვა. შემდეგ, როცა ტელევიზორში გვაჩვენეს ძველი ქართული მარგალიტები, ასეთი სიტყვებით შემამკო: "შენც მარგალიტი ხარ". შემდეგ, მომკიდა ხელი ხელზე და მითხრა, მოდი მოგეფეროო და შემიყვანა გვერდით სამზარეულოში, სადაც მოჰყვა "ბოზი ქალივით" ხვევნა-კოცნას, სადაც შუქი ჩააქრო და ისევ ალერსიანად მეუბნებოდა: "რა ჟუჟუნა თვალები გაქვს, (გვ.3) გიშრის თმა გაქვს" და სხვა. მე მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ არაფერი მომეწია ამ გათახსირებულისთვის და დაჭერის. როგორღაც ვაიძულე, მომშორებოდა. შემდეგ, წამოვედი და მთელი ღამეები არ მეძინა", - წერს სტუდენტი წერილში.

სავარაუდოდ, სწორედ ამის შემდეგ, მეუფე ზოსიმემ აკადემიის რექტორის თანამდებობა დატოვა, თუმცა, დეკანოზ ზაქარია ფერაძის ინფორმაციით, უშიშროებამ რამდენიმე დღეში დააბრუნა.

ამის შემდეგ, 1996 წელს, ეპისკოპოს ზოსიმეს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ ჯერ მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2009 წელს მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა.

კომენტარები