წყლატუბოს რეაბილიტაცია

თურნავა: ივანიშვილისთვის წყალტუბოს 1 ლარად გადაცემის ბრალდება საფუძველს მოკლებულია

საქართველოს მთავრობა

ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს რეაბილიტაციის იდეას კიდევ ერთხელ ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. მინისტრი ამ თემაზე არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს, სადაც ეწერა, რომ დაუშვებლად მიაჩნია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გაცხადებული ფორმით პრივატიზება. 

სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით პრობლემურ საკიტხად მიაჩნია ის, რომ არ ხდება წყალტუბოში არსებული სახელმწიფო თუ მუნიციპალური ქონების გასხვისების პროცესში საჯარო ინტერესის გათვალისწინება. კერძოდ, არ არის გამოკვლეული, თუ რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული პროექტი ქალაქს, რეგიონს თუ სახლმწიფოს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ ივანიშვილის გეგმა ერთბაშად მისცემს საშუალებას წყალტუბოს და მთელ რეგიონს, მიიზიდოს კერძო ინვესტორები და სათავე დაუდოს ეკონომიკურ აღმავლობას.

თურნავა დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი უზრუნველყოფს უდიდესი რესურსის მქონე კურორტის ხელახლა დაბადებას და გაცოცხლებას. 

"წინასწარი გათვლებით, საუბარია თითოეულ სასტუმროში საშუალოდ 200 ადამიანის დასაქმებაზე, მხოლოდ კურორტზე კი ჯამში 6 – 8 ათასი ადამიანის დასაქმებაზე.  სანატორიუმების აღდგენის შემდეგ კი, კურორტზე ვიზიტორთა წლიური რაოდენობა 600 – 800 ათას ადამიანს მიაღწევს," - ამბობს მინისტრი.

თურნავა ამბობს, რომ უკვე ერთი წელია ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ღიად დევს შეთავაზება წყალტუბოს სანატორიუმების პრივატიზების შესახებ და გამოხმაურება ამ საკითხს არ მოჰყოლია. ასევე აღნიშნავს, რომ ერთი ცალკეული სასტუმრო ვერ გახდება მიზიდულობის ცენტრი, თუკი არ მოხდა კურორტის მთლიანი რეაბილიტაცია.

"საქართველოს მთავრობის დაკვეთით, 2014 წელს შვეიცარიულმა კომპანიამ Kohl & Partners შეისწავლა წყალტუბოს პოტენციალი და მის ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით, როგორიც არის რეგიონის ბუნებრივი გარემო და კულტურული ფასეულობები, ჩამოაყალიბა ხედვა, რის მიხედვითაც წყალტუბოს შეუძლია, გახდეს ჯანმრთელობის დედაქალაქი აღმოსავლეთ ევროპაში და დიდი ევროპული კურორტების კონკურენტი.  ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ამ გეგმის ფარგლებში კურორტის განვითარებას ეხება," - ამბობს თურნავა.

თურნავა ამბობს, რომ ნებისმიერი პროცესი თუ სამუშაო შესრულდება ქვეყნის, ყველა მოქალაქისა და ადგილობრივი მოსახლეობის  ინტერესების გათვალისწინებით. მისივე თქმით, საფუძველს მოკლებულია ბრალდება ქონების 1 ლარად გადაცემის შესახებ. 

"მოგახსენებთ, რომ თავის დროზე სახელმწიფომ 1 ლარად გადაცემის პირობითაც კი ვერ დააინტერესა კერძო სექტორი საინვესტიციო ვალდებულების ასაღებად, რაც არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში აუცილებლად 1 ლარად მოხდება ქონების გასხვისება. გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უკრიტიკოდ იმეორებენ პოლიტიკური ოპონენტების ნარატივს და ავრცელებენ გადაუმოწმებელ, მცდარ ინფორმაციას, რაც ემსგავსება ღია კარის მტვრევას, ხოლო მსგავსი ქმედება აზიანებს ზოგადად, არასამთავრობო სექტორის იდეას," - ამბობს თურნავა. 

ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება წყალტუბოსთან დაკავშირებით გუშინ, 5 ნოემბერს გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ წყალტუბოს, აბასთუმნის და სხვა ეროვნული მნიშვნელობის საჯარო რესურსების ივანიშვილისთვის გადაცემის გახშირებული შემთხვევები ძალუფლების ბოროტად გამოყენებისა და აღნიშნულ რესურსებზე მონოპოლიზების მცდელობის საფუძვლიან ეჭვს ბადებს. 

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში" ის ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა - 22 სანატორიუმისა და 9 ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას და მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

კომენტარები