გომური: ექსპერტიზის კითხვა გადმომცეს - ჯანსაღი თვალი დავკარგე თუ მასზე რამე პრობლემა მქონდა

მაკო გომური

მაკო გომურის თქმით, მის მიმართ ექსპერტიზას მხოლოდ ის კითხვა აქვს - ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა.

"მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული.

დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო? წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ -30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო" - წერს მაკო გომური Facebook-ზე.

20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრეს. სასამართლოს განმარტებით, "აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი."

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები