მექსიკა

მექსიკაში ამერიკელი მორმონების ოჯახზე ნარკოკარტელის თავდასხმას 8 ბავშვი გადაურჩა

0 კომენტარი
ფოტო: BBC

მექსიკაში ამერიკელი მორმონების ოჯახზე სავარაუდოდ ერთ-ერთი ნარკოკარტელის თავდასხმისას 13 წლის ბიჭმა გაქცევა მოახერხა და დახმარების საძებნელად 23 კილომეტრი იარა.

მანამდე მან 6 და-ძმა ბუჩქებში დამალა. ოჯახზე თავდასხმას სულ 8 ბავშვი გადაურჩა, მათგან რამდენიმე დაიჭრა. დაიღუპა 3 ქალი და 6 ბავშვი.

ისინი ლებარონების ოჯახიდან არიან და მექსიკაში მორმონების თემში ცხოვრობდნენ. ოჯახის წევრები სამი მანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდასხმისას ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. მასში ერთი ქალი და მისი 5 შვილი იმყოფებოდნენ. კიდევ ერთი გადარჩენილი ბავში ახალშობილია, რომელიც თავდასხმიდან 11 საათის შემდეგ მანქანის იატაკზე, სპეციალურ სკამში ჩასმული იპოვეს. მისი დედა მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც მანქანიდან გადასვლა და ცეცხლის შეწყვეტის თხოვნა სცადა.

გადარჩენილი ბიჭი თემში დაბრუნდა, თუმცა რადგან სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეწყვეტილა, მათ დასახმარებლად დაბრუნება უშიშროების ძალების მოსვლამდე ვერ მოახერხეს.

მექსიკის უშიშროების მინისტრს მიაჩნია, რომ მორმონები სამიზნეს არ წარმოადგენდნენ და მათზე თავდასხმა შეცდომით მოხდა. მექსიკის პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავა.

თემში კი ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მათ ემუქრებიან და თავს ესხმიან, რადგან ხმამაღლა საუბრობენ კარტელების ძალადობის წინააღმდეგ.

სონორას შტატში, სადაც თავდასხმა მოხდა, ორი მეტოქე კარტელი მოქმედებს. ლა ლინეა, რომელიც ხუარეზის კარტელთან არის დაკავშირებული და ლოს ჩაპოს, რომელიც სინალოას კარტელის ნაწილია.

თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ ტვიტერზე გამოეხმაურა:

"შესანიშნავი ოჯახი და მეგობრები იუტადან აღმოჩდნენ ორ სასტიკ ნარკოკარტელს შორის სროლის შუაში. შედეგად, ბევრი დიდებული ამერიკელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები, ზოგი დაკარგულად ითვლება. თუ მექსიკას სჭირდება და ითხოვს დახმარებას ამ მონსტრებთან ბრძოლაში აშშ მზადაა, სურვილიც აქვს და შესაძლებლობაც ჩაერიოს და საქმე სწრაფად და ეფექტურად შეასრულოს. მექსიკის ახალი შესანიშნავი პრეზიდენტი ამ საკითხზე ბევრ მუშაობს, მაგრამ კარტელები უფრო დიდები და ძლიერები ხდებიან. ზოგჯერ არმიაა საჭირო, რომ არმია დაამარცხო. დროა მექსიკამ, აშშ-ის დახმარებით ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი აწარმოოს და დედამიწის ზურგიდან წაშალოს ისინი. ჩვენ მხოლოდ თქვენი დიდებული პრეზიდენტის ზარს ველოდებით!" დაწერა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები