აშშ - გერმანია

ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე აშშ-ის საელჩომ ბერლინში რონალდ რეიგანის ძეგლი გახსნა

0 კომენტარი

ბერლინის კედლის დაცემის 30-ე წლისთავზე ამერიკის საელჩომ ბერლინში ამერიკის შეერთებული შტატების მე-40 პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ძეგლი გახსნა.

ძეგლი იმ ადგილს გადაჰყურებს, საიდანაც 1987 წლის 12 ივნისს რეიგანმა თავისი ლეგენდარული გამოსვლის დროს გორბაჩოვს მიმართა - "გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობას, კეთილდღეობასა და ლიბერალიზაციას ესწრაფვით, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!"

ძეგლის საზეიმო გახსნას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც ესწრებოდა - "რეიგანმა გამბედავად ამხილა მათი თავისუფლების საფრთხე - საბჭოთა იმპერია, ბოროტების იმპერია".

პომპეო იმედოვნებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც გერმანელები ამ ძეგლს შეხედავენ დიდებულ ამერიკელ პრეზიდენტზე იფიქრებენ და შეასრულებენ ამერიკულ მისიას - დაეხმარო მსოფლიოში ყველას, რომ ღმერთის მინიჭებული ამ უფლებით, თავისუფლებით მათაც ისარგებლონ.

ძეგლის გახსნამდე პომპეოსთან ერთად პერსკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის გაერთიანებისთვის აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა მან მხოლოდ პრეზიდენტი ბუში ახსენა - "აშშ-ის დახმარება, ჯორჯ ბუშთან ერთად და მხარდაჭერა გერმანიის გაერთიანების გზაზე არის ის, რასაც ჩვენ არასდროს დაივიწყებთ".

ბერლინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი არ გამოკვეთს იმ მნიშვნელოვან როლს, რაც რეიგანმა ბერლინის კედლის დანგრევაში ითამაშა. დეპუტატმა სანრინ ბანგერთმა თქვა, რომ რეიგანის ბერლინში წარმოთქმული სიტყვა, ისევე, როგორც კენედის და 2016 წელს ობამას - "ყველა ჩვენგანის მეხსიერებაშია".

ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინს რამდენიმე ამერიკელი პრეზიდენტი ეწვია და სოლიდარობა გამოუცხადა. მათ შორის იყო ჯონ ფიცჯერალდ კენედი თავისი ცნობილი სიტყვებით - "ყველა თავისუფალი ადამიანი, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, ბერლინის მოქალაქეები არიან. ამრიგად, მე, როგორც თავისუფალი ადამიანი, სიამაყით ვამბობ სიტყვებს 'მე ბერლინელი ვარ'".

დღეს 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დაცემიდან ზუსტად 30 წელი გავიდა. 

ბერლინის კედლის დანგრევიდან ერთი წლის შემდეგ 1990 წლის 3 ოქტომბერს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ოფიციალურად გაერთიანდა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა აღმოსავლეთ გერმანიის მშვიდობიანი რევოლუცია და ცივი ომი, რომლის პირობებშიც 1987 წლის ივნისში  შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ბერლინის გამყოფი კედლის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს მოუწოდა, დაენგრია კედელი, რომელიც ქალაქს საბჭოთა აღმოსავლეთად და დემოკრატიულ დასავლეთად ყოფდა.

1989 წლის შემდეგ ბერლინის კედლის დაცემამ დიდი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ბლოკის დანარჩენ წევრებზე. კომუნისტური რეჟიმები ერთმანეთის მიყოლებით დაემხო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები