საპატრიარქო

ბოკერია მეუფე იაკობზე: როცა არცკი რისკავენ მის დაკითხვას, ეს აჩენს ეჭვებს ნამდვილობაზე

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ამბობს, რომ ის დამოკიდებულებები და განცხადებები, რაც ქართული ოცნების მხრიდან ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ნათქვამს მოჰყვა, ევროპულ საქართველოს საფუძვლიან ეჭვს უჩენს იმის შესახებ, თქვა თუ არა ყოფილმა ქორეპისკოპოსმა ნაწილობრივ მაინც სიმართლე. 

ბოკერიას თქმით, ეპისკოპოსი იაკობი მაღალი თანამდებობის სასულიერო პირია, რომელსაც უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა ახლო ურთიერთობები. 

"ის აკეთებს ამ ტიპის განცხადებებს, რა ნაწილია იქ სიმართლე, რა ნაწილი - არა, ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ასავალ-დასავალის სტილში არ ვიქცევით, რომ აი, პირდაპირ ბრალი დავდოთ, მაგრამ როდესაც ასეთი სკანდალური განცხადებების შემდეგ ჩარევაზე, გამოძალვაზე, უკანონო მოქმედებებზე (მთელი პაკეტი იყო, ხო, იქ ამბების?!), პროკურატურა აკეთებს ფანტასტიკურ განცხადებას, რომ იქ რაღაცები უარყოო და ამიტომ, აღარ დავკითხავთო. მერე ქართული ოცნების მთელი პროპაგანდისტული მანქანა ჩაერთო, დეპუტატები გამოვიდნენ, მან შეინანაო და დასაკითხი აღარ არისო,"- თქვა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში "ხალხის პოლიტიკა". 

ბოკერიას თქმით, რასაც ქართული ოცნების წევრები ამბობდნენ, ფაქტობრივადაც მცდარი იყო, რადგან ეპისკოპოსმა იაკობმა, და მათ შორის საპატრიარქოს განცხადებებიც ასეთი იყო, რომ მან ფორმა შეინანია და არა შინაარსი. 

"რომც არ დაედასტურებინა მეორე დღეს თავისი ნათქვამი და რომც ვიღაცებმა მიუთითონ ლოგიკურ წინააღმდეგობებზე, ამით განსხვავდება დაკითხვა ლაპარაკისგან, რომ იქ გაფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემის შესახებ,"- თქვა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმით, ადამიანმა ბევრი რამ შეიძლება, თქვას ურთიერთოგამომრიცხავი და ამას ბევრი სასულიერო პირი თუ პოლიტიკოსიც აკეთებს, მაგრამ როცა ასეთი ბრალდებები ისმის, პროკურატურა ვალდებულია, დაკითხოს პირი იმ გაფრთხილებით, რომ სიცრუის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. 

"როცა ამას არ აკეთებენ და ასეთი აბსურდული განცხადება გვესმის და მერე ჩართეს მთელი პროპაგანდის მანქანა, რომ შეინანია რაღაც ირანული ელფერით, ბუნებრივია, რომ ეჭვები ღრმავდება, რომ აქ მინიმუმ ნაწილი ამ განცხადებების არის საფუძვლიანი,"- ამბობს გიგა ბოკერია.

26 ოქტომბერს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. ეპისკოპოსი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

იმავე ინტერვიუში ბოდბელმა ეპისკოპოსმა ისიც თქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და რამდენიმე სახელისუფლებო პირთან ერთად პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. 

მეორე დღეს მეუფე იაკობმა შენდობა მხოლოდ ლექსიკის გამო მოიხადა და თქვა, რომ თავისი სიტყვები უკან არ მიაქვს. მან ქორეპისკოპოსის პოსტი დატოვა.

ეპისკოპოს იაკობის ნათქვამი უარყვეს როგორც გიორგი გახარიამ, ისე ვახტანგ გომელაურმა და გიორგი კვირიკაშვილმა. პროკურატურა მისი განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას არ აპირებს.

კომენტარები