ბიბლიური თავისუფლება

საპატრიარქო: თუ ადამიანი ეკლესიას არ ეკუთვნის, მას ვერ შეუსრულებენ ვერანაირ მსახურებას

საქართველოს საპატრიარქო

"საქმე შემდეგშია, რომ, სადაც არ უნდა იყოს ეს შემთხვევა, სამტრედიაში, თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის მსახურებაა, ყველგან გასცემენ იგივე პასუხს, რომ თუ ადამიანი არ ეკუთვნის ეკლესიას [მართლმადიდებლურს], მას ვერ შეუსრულებენ ვერანაირ მსახურებას", - ამბობს ტაბულასთან საუბარში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ტაბულა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც გირჩმა გაავცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ავარიაში დაღუპული 24 წლის შაკო ბარამიძეს, რომელიც "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახური იყო, ოჯახის სურვილის მიუხედავად, სასულიერო პირები წესს არ უგებენ.

უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბაა, რომელიც, გირჩის ცნობით, სასულიერო პირებს უკრძალავს "ბიბლიური თავისუფლების" მოწმობის მქონე ადამიანებისთვის წესის აგებას.

ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულასთან საუბარში განმარტა, რომ "რაც ეკლესია არსებობს", მას შემდეგ, თუ რომელიმე ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარი სურვილითვე, სხვა რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას მიაკუთვნებს, თუნდაც ეს ფორმალური ხასიათის იყოს, ავტომატურად მას მართლმადიდებლური ეკლესია აღარ მიიჩნევს თავის წევრად, სწორედ ამიტომ, გარდაცვლილ ახალგაზრდას ვერც ერთი სასულიერო პირი წესს ვერ აუგებს.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა მიცვალებულისთვის წესის აგებაზე უარი მიიღო, “ბიბლიურმა თავისუფლებამ" გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხება ეკლესიის მღვდელმსახურად.

ტაბულას კითხვაზე, ცნობის გაუქმების მიუხედავად, რატომ მიიღო ოჯახმა მორიგი უარი საპატრიარქოსა და სასულიერო პირებისგან, ჯაღმაიძე განმარტავს, რომ "ცნობის გაუქმება არ ნიშნავს ავტომატურად ადამიანის ეკლესიის წიაღში დაბრუნებას";

"ის რომ ცნობა გაიცა, რომ გაუქმებულია მღვდელთმსახურის სტატუსი "ბიბლიური თავისუფლებიდან", არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხდება ეკლესიის წევრი, თუ ეს ადამიანი არ მოვიდა ეკლესიაში და არ განაცხადა სინანულით, რომ მას შეეშალა", - ამბობს ჯაღმაიძე.

ანდრია ჯაღმაიძემ ტყუილი უწოდა გირჩის მიერ გავცელებულ ცნობას, რომ ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, მაგრამ გადადეს, რადგან არ სურდათ მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე დაკრძალვა.

ჯაღმაიძის თქმით, ოჯახს თავიდანვე სამშაბათი დღე ჰქონდა გადაწყვეტილი მიცვალებულის დასაკრძალად.

"ტყუილია, ჩვეულებრივ როგორც ოჯახს ჰქონდა დაგეგმილი ასეა, სამშაბათს ჰქონდა ოჯახს გადაწყვეტილი დაკრძალვა. ისინი კარგად აცნობიერებენ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, მათ გაუხარდებათ თუ ეკლესია გამონახავს გზას, რომ წესი აუგოს მიცვალებულს, თუმცა მათ ესმით, რომ ასეთი მდგომარეობაა", - ამბობს ჯაღმაიძე.

*გირჩი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს სთხოვს, გამოეხმაურონ, რათა დააკავშირონ გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილ ახალგაზრდას.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გამოჩნდეს ასეთი სასულიერო პირი, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ "არ გამოჩნდება, ვერ გამოჩნდება", რადგან შეუძლებელია წესი აუგო პირს, რომელიც ეკლესიის წევრი არაა, - "სრულიად შეუძლებელია", ხოლო თუ გამოჩდა, როგორც ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, - "დარღვევა და არასწორად შესრულებული მსახურება იქნება".

კომენტარები