საარჩევნო სისტემა

"პროპორციულის კენჭისყრაა, არ გაბედო ჩაგდება!" - 20:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსდა

მოძრაობამ "სირცხვილია" 20:00 საათზე აქცია დააანონსა. სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტს მოუწოდებს, არ გაბედოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდება.

"პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

განხილვების დროს გამოიკვეთა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რეფორმა საფრთხეშია და მას ჩვენი დაცვა სჭირდება!

პროპორციული არჩევნები არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი და მოქალაქეების მასშტაბური პროტესტის შედეგად მიღებული მონაპოვარი. ის არის ხალხის და არა ერთეული დეპუტატების ნება!

2020 საარჩევნო წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პასუხისმგებლობა და ვალდებულება მმართველმა გუნდმა 2019 წლის 24 ივნისს აიღო, როგორც მთელი ქვეყნის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

შეასრულე მოცემული პირობა! არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება! არ გაბედო!", - აცხადებს სამოქალაქო საზოგადოება.

_________________________________________________________________________

დღეს საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა.

შედეგები ასე გადანაწილდა: 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი.

ეს ცვლილებების პირველი მოსმენა იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციის პროექტი ჩავარდა.

კანონპროექტი თვალისწინებდა 2020 წლისათვის პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, 3%-იანი ბარიერით და საარჩევნო ბლოკებით.

შესაძლოა, პარლამენტმა დღესვე უნდა უყაროს კენჭი ქართული ოცნების პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ასევე სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, თუმცა 0%-იანი ბარიერით და საარჩევნოდ ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით.

საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს, თუმცა, 2024 წლიდან.

20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მოქალაქეთა პროტესტის და მოთხოვნების შედეგად, მმართველმა გუნდმა გასცა დაპირება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც პროპორციული წესით ჩაატარებდნენ, თუმცა, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო.

 

კომენტარები