პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე პროპორციულზე: ვემზადებით ჩასაგდებად

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების საკითხზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდებაზე მსჯელობდნენ, დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ შეხვედრა "საკმაოდ ცხელი გამოვიდა".

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილებს არ მისცა საშუალება, საკითხზე შიდა სარეიტინგო კენჭისყრა ჩაეტარებინათ.

"საკმაოდ ცხელი გამოვიდა სხდომა. თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ პოლიტიკური ცხოვრება. ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ ეყოლება რყევადი, ანუ სუსტი ხელისუფლება.

ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა. მე დავსვი საკითხი ნათლად - არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში ამის დათვლა", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის უმრავლესობას, ხუნდაძემ უპასუხა:

"უმრავლესობას არ ვტოვებ, ვაგრძელებ ბრძოლას იმისთვის, რომ მხარდამჭერთა რაოდენობა იყოს ბევრი, იმაზე მეტი, ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ. კი, ვემზადებით ჩასაგდებად".

მმართველი გუნდის დეპუტატები თავიანთსავე ხელმოწერილ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული წესით უნდა ჩატარდეს. პროექტის განხილვა პარლამენტში გუშინ, 12 ნოემბერს დაიწყო და დღეს გაგრძელდება, თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები