პროპორციული საარჩევნო სისტემა

ვოლსკი: უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულს მხარს დაუჭერს

გია ვოლსკი ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას მხარს უმრავლესობის უმრავლესობა უჭერს, ინიციატივის მოწინააღმდეგეთა რიცხვი კი არ არის ოპოზიციის დეპუტატების რიცხვზე მეტი. 

ვოლსკიმ ეს ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდებაზე იმსჯელეს. 

"მე ვფიქრობ, უმრავლესობის უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს დაუჭერს. რასაკვირველია, სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩავატარეთ, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ. მოსმენა იქნება. ირაკლიმ დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც აქვს პროპორციულ არჩევნებს. გუშინ უარყოფით მხარეებზე ილაპარაკა. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუ კი საჭირო გახდება ამასთან დაკავშირებით რამე წინასწარი ანალიზი და ჩვენს კოლეგებთან კიდევ ერთხელ გავლა, რა საკვირველია, ამისი საშუალება გვექნება. 

როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩემი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს რაღაც ფორმით, კენჭისყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ. მე შევეცდები, ეს არ დავუშვა", - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს განახლდება საკონსტიტუციო კანონის პროექტის განხილვა, რომელიც გულისხმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არა მაჟორიტარული, არამედ პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილს მისი ჩაგდება სურს, "საფრთხეების თავიდან აცილების" მოტივით. 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

რამდენი ხმა სჭირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას - დეტალურად ნახეთ აქ

კომენტარები