პროპორციული სისტემა

სამართლიანი არჩევნები: პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭიროს

ტაბულა

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიან არჩევნების" განცხადებით, გუშინ, 12 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების დეპუტატების ნაწილის მიზანი კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვის დაბრკოლება და ხელოვნურად ჩიხში მოქცევაა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის წევრებმა ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ.

ISFED მიუთითებს 12 ნოემბრის სხდომის დაწყებამდე მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებზე, მათ არაეთიკურ გამონათქვამებზე, სიტყვიერ თუ ფიზიკურ დაპირისპრებაზე და ამას "სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის მცდელობებს" უწოდებს.

"2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის უმნიშვნელოვანესია. პროპორციული არჩევნები იძლევა მრავალპარტიული ევროპული სტილის დემოკრატიის განვითარებისა და პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების შესაძლებლობას. საარჩევნო სისტემის ცვლილება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებზე ერთპარტიული კონტროლის შესუსტების, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგენისა და პოლარიზაციის შემცირების გზაზე", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ISFED-ი წერს, რომ პროპორციული სისტემა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთაა. ორგანიზაცია მიუთითებს ივნისის აქციებზე და მმართველი პარტიის საჯარო დაპირებაზე, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 

"მას შემდეგ, მმართველი პარტიის 93-მა დეპუტატმა პარლამენტში შეიტანა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელმაც გასულ თვეებში შესაბამისი პროცედურები გაიარა, მათ შორის - საერთო სახალხო განხილვები. ამ პროცესის განმავლობაში, იმ მაჟორიტარ დეპუტატებს, ვინც დღეს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას ეწინააღმდეგება, არც ერთხელ გაუჟღერებიათ თავიანთი წინააღმდეგობა ან განსხვავებული აზრი საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სამართლიანი არჩევნები მოუწოდებს:

  • მმართველ პარტიას და მის დეპუტატებს პარლამენტში, შეასრულონ მათ მიერ საჯაროდ გაცემული დაპირება და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას. 
  • ყველა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიას, მოახდინონ ძალთა მაქსიმალური კონსოლიდაცია და მიმართონ ხმები პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად. 

კომენტარები