პროპორციული საარჩევნო სისტემა

"სირცხვილიას" ორგანიზატორები პარლამენტის გამოსასვლელის ბლოკირებას იწყებენ

მოძრაობა "სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ ისინი მოახდენენ ცენტრალური გამოსასვლელის ბლოკირებას და იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.

"ქვეყანას გვართმევენ . ეს არის ღალატი საკუთარი ხალხის, ერის,რომელსაც ისტორია თავის სახელს დაარქმევს, მაგრამ მანამდე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გამოცხადებულ პირდაპირ ომზე მიიღებს პასუხს. ყველანი უნდა მოხვიდეთ პარლამენტის შენობასთა, ეხლა წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ქუდზე კაცი-პარლამენტთან"- აცხადებს მაქარაშვილი.

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონის მიღებას მხარი დეპუტატმა 101-მა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. 

კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. 

სამი პროცედურის შემდეგ რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. 

გადაწყვეტილება მათ რამდენიმედღიანი განხილვის შემდეგ მიიღეს.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები