არჩევნები 2020

სირცხვილია: ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ყველა უნდა გამოვიდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ

ტაბულა

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" ყველა პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. შოთა დიღმელაშვილის თქმით, "ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობას, ყველა უნდა გამოვიდეთ ერთად ერთის წიააღმდეგ".

"ბიძინა ივანიშვილმა დადგა ცირკი, მონების აჯანყების სცენარი" -ამბობს დიღმელაშვილი პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებაზე.

მოძრაობა "სირცხვილიას" აზრით, ქართულმა ოცნებამ მიიღო კვლევის შედეგები და მიხვდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე, პროპორციული სისტემით ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას.

"მათაც კი არ აქვთ იმედი, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ეს აჩვენებს, რომ მათ ლეგიტიმაცია აღარ აქვთ და არც აინტერესებთ. აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდეს საქართველოს პოლიტიკას, ერთხელ და სამუდამოდ. ეს არის დიდი გეგმა ივანიშვილის, რომლითაც უნდათ ხელისუფლების მიტაცება. არ უნდა მივცეთ საშუალება, მოიტაცოს ქართველი ხალხის სახელმწიფო, ძალაუფლება ხალხს, მობილიზაცია დაწყებულია, არ დავიშლებით, სანამ საკუთარ გადაფურთხებულს არ ალოკავენ, თუ არ ალოკავენ, ავალოკინებთ" - თქვა დიღმელაშვილმა. 

საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.

კანონპროექტის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა 24 ივნისს მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა სწორედ 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები