პროპორციული საარჩევნო სისტემა

ვადამდელი არჩევნები გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით - აქციის მთავარი მოთხოვნა

ტაბულა

სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გარდამავალი მთავრობით და პროპორციული წესით. 

ინფორმაცია შოთა დიღმელაშვილმა გაავრცელა. 

"ვადამდელი გარდამავალი მთავრობით, პროპორციული წესით. ეს არის ჩვენი გენგეგმა. მაგრამ ვინაიდან ვართ ერთად ერთის წინააღმდეგ, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი.

8 საათზე გეტყვით მივაღწიეთ თუ ვერა. ახლა პარტიების გაფართოებულ შეკრებაზე მივდივართ", - დაწერა დიღმელაშვილმა. 

პარლამენტთან საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო.

მოქალაქეები სწორედ პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

ცვლილებები მმართველი გუნდის ნაწილმა მოულოდნელად გააპროტესტა, რის შემდეგაც უმრავლესობის ორი სხდომა გაიმართა. ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და მათი პოზიცია არ შეცვლილა. საბოლოოდ, პროექტმა საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 მიიღო და მათ შორის იყო მთელი ოპოზიციის, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებიც.

კენჭისყრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობოდნენ.

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა. მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

კომენტარები