რუსეთი

უკრაინაში MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე სეპარატისტებს კრემლი მართავდა - სატელეფონო ჩანაწერები

REUTERS

2014 წელს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი MH17-ის აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოგდებაზე მიმდინარე გამოძიებაში ახალი დეტალები გამოიკვეთა - სატელეფონო ჩანაწერებით ირკვევა, რომ MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილე ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ე.წ. ლიდერებს კრემლის წამყვანი მაღალჩინოსნები მართავდნენ.

ვლადიმერ პუტინის ერთერთი მთავარი წარმომადგენლები ოკუპირებულ დონეცკში სეპარატისტებს რეგულარულად ეკონტაქტებოდა.

სატელეფონო საუბრებში, სადაც კრემლთან კავშირი იკვეთება, თავდასხმაში 4 ბრალდებულიდან ორი ოკუპირებული დონეცკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი და ე.წ. ვიცე თავდაცვის მინისტრი სერგეი დუბინსკი ფიგურირებს. სატელეფონო საუბრებში ოკუპირებული დონეცკის სხვა წამყვანი პირებიც ფიგურირებენ.

რუსეთიდან კი გამოძიება ასახელებს ორ პირს - რუსეთის ვიცე პრემიერ მინისტრ ვლადისლავ სურკოვსა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ე.წ. პრემიერმინისტრს, სერგეი აკსიონოვს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ რამდენიმე სატელეფონო ზარშიც იყო ნახსენები.

მოსკოვის მაღალჩინოსნებმა ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე ვითარების შესახებ იცოდნენ და "ადმინისტრაციულ, ფინანსურ და სამხედრო საკითხებზე" ჰქონდათ გავლენა.

"მე ვასრულებ ბრძანებებს და ერთადერთი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ვიცავ," - ოკუპირებული დონეცკის ე.წ. ყოფილი პრემიერმინისტრი ალექსანდერ ბოროდაი სატელეფონო საუბარში ამბობს.

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამდე ორი კვირით ადრე ბოროდაი ვლადისლავ სურკოვსაც ესაუბრა.

სეპარატისტებს რუსეთის FSB-ის უშიშროების სამსახურის მიერ მიწოდებული ტელეფონები ჰქონდათ. ტელეფონებით, სახელწოდებით "შუშა", საუბრის ჩაწერა და ინტერნეტით დაკავშირება შეუძლებელი იყო.

"ეს განსაკუთრებული ტელეფონებია, ვერ იყიდი. მოსკოვიდანააFSB-დან," - ეჭვმიტანილმა სერგეი დუბინსკიმ პირს გვარად სემენოვს უთხრა.

"რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებსა და ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიის ლიდერებს შორის ახლო კავშირები კითხვებს აჩენს MH17-ის ჩამოგდებაში მათ შესაძლო ჩართულობაზე," - თქვა ნიდერლანდების პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა ანდრი კრააგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება. მარია ზახაროვა თვლის, რომ გამომძიებლებმა წინასწარ განსაზღვრული დასკვნა დადეს.

დუბინსკისა და გირკინის მტკიცებით, ისინი მოხალისეები იყვნენ და ზემდგომი არ ჰყავდათ.

გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ რუსული წარმოშობის Bukh Telar რაკეტა რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კურსკიდან, რუსეთის 53-ე საჰაერო სარაკეტო ბრიგადიდან გაისროლეს.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ივნისში ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი გამოავლინეს. ბრალდებულებიდან სამი რუსია - იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვია, ხოლო ერთი უკრაინელი ლეონიდ ხარაჩენკო.

კომენტარები