საარჩევნო სისტემა

დიღმელაშვილი: ოპტიმალურ გადაწყვეტილებად არჩევნების გერმანული მოდელი მიგვაჩნია

ტაბულა

მოძრაობა სირცხვილია-ს ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი წერს, რომ მათი მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნების ე.წ გერმანული სისტემით ჩატარება იქნება.

"მაჟორიტარები ისევ მონაწილეობენ, მაგრამ პარლამენტში პარტიას დეპუტატები იმ პროცენტით შეჰყავს, რა პროცენტიც პროპორციული სიით აიღო.

მარტივი მაგალითი: თუ აიღო ოცნებამ 30%, შეიყვანენ 30%ის დეპუტატებს, ოღონდ ჯერ მაჟორიტარებს და დარჩენილ ადგილებს პროპორციული სიით შეავსებენ. ანუ ექნებათ 30%იანი ჭერი. შერეული სისტემის მთავარი დაუნსაიდი რაც იყო, რომ მაგალითად 46% აიღეს და პარლამენტში ადგილების 75% დაიკავეს მაჟორიტარების ხარჯზე, ეგ საფრთხე ნეიტრალდება," - წერს დიღმელაშვილი.

მისი თქმით, ასეთი მოდელის მიღებას არ დასჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა, როგორ მთლიანად პროპორციულ წესზე გადასვლას სჭირდებოდა. გერმანული მოდელის მიღება, დიღმელაშვილის თანახმად, უბრალო უმრავლესობით, ანუ 76 დეპუტატის ხმითაც არის შესაძლებელი.

გუშინ, 14 ნოემბერს, ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო.

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები