ოპოზიციის შეთანხმება

ე.წ გერმანული მოდელი, ვადამდელი არჩევნები, დროებითი მთავრობა - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

ანა გვარიშვილი
0 კომენტარი

ქართულმა ოცნებამ ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა. კონსტიტუციური შესწორების კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, უმრავლესობამ ჩააგდო. 

უმრავლესობის მიერ პირობის არშესრულებას, ერთი მხრივ, რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი პროტესტის განახლება და, მეორე მხრივ, სრულად ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება მოჰყვა. 

ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 2-დღიანი მსჯელობის შემდეგ საერთო მოთხოვნებსა და სამოქმედო გეგმაზე შეჯერდნენ. 

ოპოზიციის მოთხოვნა მოკლედ ასე გამოიხატება - დროებითი მთავრობა და ვადამდელი არჩევნები პროპორციული წესით. 

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მინიმუმ, თვენახევარი და ხმების 3/4 სჭირდება, რის მობილიზებასაც, ქართული ოცნების მტკიცებით, ისინი ვერ ახერხებენ, ოპოზიციამ ხელისუფლებას ალტერნატივად ე.წ გერმანული მოდელი შესთავაზა. 

რას ნიშნავს გერმანული მოდელი?

გერმანულ მოდელი ასევე შერეული ტიპის საარჩევნო სისტემად ითვლება, რადგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ამ არჩევნებში მაინც მონაწილეობენ, თუმცა დღეს არსებული საარჩევნო სისტემისგან განსხვავებით, მას ის უპირატესობა აქვს, რომ პარტიები პარლამენტში მხოლოდ იმ რაოდენობით დეპუტატებს შეიყვანენ, რამდენ პროცენტსაც აიღებენ პროპორციული საარჩევნო სისტემით. 

ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო ლიდერების მთავარი არგუმენტი, რითიც ისინი პირობის ვერშესრულებას ამართლებდნენ, ის იყო, რომ მათ გუნდის შიგნით ხმების შესაბამისი რაოდენობის მობილიზება არ შეუძლიათ. 

ე.წ გერმანული მოდელი კი, წესით, მათთვის მისაღები უნდა იყოს, რადგან მას 113 დეპუტატის ნაცვლად, მხოლოდ და მხოლოდ, 76 დეპუტატის ხმა სჭირდება, ვინაიდან ცვლილება შედის არა კონსტიტუციაში, არამედ, საარჩევნო კოდექსში, რომლისთვისაც აბსოლუტური უმრავლესობაც (ნახევარზე მეტი) კმარა. 

მიუხედავად ამისა, ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერები ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლას მაინც ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი თქმით, გერმანული მოდელის სრულყოფილად განხორციელება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე შეუძლებელია. 

"გერმანულ მოდელსაც, რომელიც საინტერესო მოდელია, სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებების ინიცირება. შესაბამისად, მანაც უნდა გაიაროს ის გზა, რაც არის გაწერილი კონსტიტუციაში", - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

სავარაუდოდ, თალაკვაძე ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელის ამჟამად მოქმედ ვარიანტზე საუბრობს, სადაც ბუნდესტაგის წევრთა ფიქსირებული რაოდენობა, შეიძლება, შეიცვალოს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150 დეპუტატით (73 მაჟორიტარული წესით არჩეული, 77 - პროპორციულით) განისაზღვრება. ამგვარ ცვლილებას ნამდვილად დასჭირდებოდა საკონსტიტუციო შესწორება, თუმცა ოპოზიცია ამას არ ითხოვს. 

ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს გერმანული მოდელის იმგვარ ვარიაციას, რაც საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის და მის ცვლილებას არ მოითხოვს.

"კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ პარტიების მიერ მისაღები მანდატების საერთო რაოდენობა ცალცალკე დაითვალოს და არც პროპორციული კენჭისყრის შედეგების მიხედვით კრძალავს პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობის განაწილებას,"- განმარტავს კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის პრინციპი არის ის, რომ პარლამენტართა ფიქსირებულ რაოდენობას არ ეხებიან, მაგრამ ერთი პარტიიდან გაყვანილი დეპუტატების ჯამი (როგორც მაჟორიტარული პრინციპით, ისე პროპორციულით) დამოკიდებული უნდა იყოს ამ პარტიის მიერ პროპორციულ არჩევნებში მიღებულ შედეგზე. 

მაგალითად, 2016 წლის არჩევნები ამ სისტემით რომ ჩატარებულიყო და მისაღები მანდატების საერთო რაოდენობა პროპორციული არჩევნების შედეგით განსაზღვრულიყო, ქართული ოცნება პროპორციული სიიდან მხოლოდ ერთ დეპუტატს შეიყვანდა, რადგან მისი კუთვნილი ჯამური 72 მანდატიდან (პროპორციულში ნაჩვენები 48%-ის მიხედვით), ერთმანდატიანი ოლქებით 71 ექნებოდა მიღებული.

"როცა ვლაპარაკობთ გერმანულ მოდელზე, ის შეიძლება იყოს არა იდენტური, არამედ იმავე პრინციპზე დაფუძნებული, ოღონდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფიქსირებულ რაოდენობას არ ვეხებით,"- გვეუბნება ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია. 

ამგვარად, ამბოხებულებად მოხსენიებული ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების არგუმენტი, რომ არ შეიძლება ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს, რადგან მაჟორიტარი დეპუტატები რეგიონებისთვის "საციცოცხლო მნიშვნელობისაა", გაბათილებულია.

ვინ შეიძლება დაუჭიროს მხარი ამ მოდელს?

ევროპულ საქართველოს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტთა ალიანსსა და სოციალ-დემოკრატებს ერთად ჯამში 33 დეპუტატი ჰყავთ. ამას ემატება ფრაქციის მიღმა მყოფი 11 დეპუტატი, რომლებმაც 14 ნოემბერს კანონპროექტს მხარი დაუჭირეს და ღიად ლობირებდნენ მას. ხოლო, თუ ჩავთვლით, რომ ქართული ოცნებიდან ბოლოს გასული 12 დეპუტატიც დაუჭერს კანონპროექტს მხარს, ვინაიდან ამბობდნენ, რომ უმრავლესობა იმის გამო დატოვეს, რომ მათთვის პროპორციული არჩევნები პრინციპული მნიშვნელობის საკითხი იყო, ჯამში 56 დეპუტატი გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ გერმანული მოდელის მისაღებად სულ ქართული ოცნების 20 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთი მოდელი არათუ უგულებელყოფს მაჟორიტარ დეპუტატებს, არამედ ისინი ინარჩუნებენ გავლენას არჩევნებში, ლოგიკურად, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების რიგებში ნამდვილად უნდა მოიძებნოს 20 დეპუტატი, რომელიც ამ მოდელს მხარს დაუჭერს. 

"მაჟორიტარი კანდიდატებისთვის ბრძოლას აზრი აქვს იმიტომ, რომ ვინც მოიგებს, ის გახდება დეპუტატი, მაგრამ მისი პარტია ვერ შეავსებს ამ მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობას იმაზე მეტით, ვიდრე მათ ერგებოდათ, მთლიანად პროპორციული არჩევნები რომ ყოფილიყო,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

ვადამდელი არჩევნები და დროებითი მთავრობა

ოპოზიციური პარტიების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების კიდევ ერთი მოთხოვნა სწორედ ამ მოდელის გამოყენებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა, თუმცა მხარეები თანხმდებიან, რომ ვადამდელი არჩევნები პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ და მასზე დაქვემდებარებულმა მთავრობამ არ უნდა ჩაატაროს. 

ოპოზიცია მოითხოვს, დღევანდელი მინისტრთა კაბინეტი გადადგეს და მათი რიგები სხვებმა დაიკავონ. ოპოზიციონერი პოლტიკოსები განმარტავენ, რომ დროებითი მთავრობა არ ნიშნავს იმას, რომ მათი რიგები ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაიკავონ. ბოკერიას თქმით, ეს შესაძლოა, მოქმედი მინისტრების მოადგილეებიც იყვნენ. 

"ეს იმას გულისხმობს, რომ ცენტრალური ფიგურები მაინც უნდა გადადგნენ,"- ამბობს ბოკერია.

მოთხოვნების შესრულების გზები

მხარეები ასევე თანხმდებიან იმაზე, რომ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, მოთხოვნებს დათანხმდეს, საჭიროა მწვავე პროტესტი, რაშიც მოძრაობის "სირცხვილია" განმარტებით იგულისხმება სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და სახელმწიფო შენობების პიკეტირება. 

"წავალ ციხეში, მაგრამ არ დავუთმობ ძალაუფლებას. ეს არის განაცხადი, ოღონდ ეს არ არის თვითმიზანი,"- ამბობს ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები