უკრაინა-რუსეთი

ზელენსკი და პუტინი 9 დეკემბერს პარიზში შეხვდებიან ერთმანეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ავრცელებს.

ნორმანდიის სამიტში აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გადასაჭრელად გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებიც მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.

"სამიტს წინ უძღვის აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გადაჭრის მიზნით ზაფხულიდან დაწყებული მოლაპარაკებების დიდებული პროგრესი, რის შედეგადაც, კონფლიქტის ტერიტორიის რამდნიმე ადგილიდან ჯარები უკან დახიეს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით თქვა, რომ უკრაინას ყველა საკითხში შეუძლია საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს," - ზელენსკი მაკრონის განცხადებას გამოეხმაურა. რუსეთს კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს.

ზელენსკის მიხედვით ჯგუფი შეთანხმდა ფრონტის ხაზიდან, კონკრეტულად კი ლუგანსკის ოლქის ზოლოტოეს და პეტროვოს სექტორებიდან შეიარაღების და სამხედროების გამოყვანაზე.

შტაინმაიერის ფორმულის დოკუმენტს ხელი სწორედ ნორმანდიის ფორმატის ქვეყნების ლიდერებმა უნდა მოაწერონ.

კომენტარები