ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალებს: დაუყონებლივ გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

0 კომენტარი

საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, დაუყონებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. 

ამასთან, აშშ-ის საელჩო საოკუპაციო ძალებს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა. 

"ჩვენ ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი წვდომის უზრუნველყოფა და საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის გაუქმება,"- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რუსულ საოკუპაციო ძალებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებითაა დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები