ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე

რადიო თავისუფლების წყარო: ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს მე-7 დღეა, იგივე ტანსაცმელი აცვია

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებულ ვაჟა გაფრინდაშვილის უკვე 7 დღეა, ტანსაცმელი არ გამოუცვლია.

წყარომ რთ-ს უთხრა, რომ "ადგილობრივ ეკლესიაში არის მონაზონი, რომელსაც ცხინვალის ციხეში შესვლის და პატიმრების მონახულების უფლება აქვს. სწორედ ამ მონაზონთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პატიმრობაში მყოფ ექიმს პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები მიაწოდოს".

რადიო თავისუფლების წყაროსვე ცნობით: „ისიც ვიცით, რომ ექიმი იმ ტანსაცმლით არის, რომლითაც დააკავეს. ჯერ არ ვიცით ტანსაცმლით დახმარებას თუ შევძლებთ, მაგრამ იმას მივაღწევთ, რომ პირველი საჭიროების ნივთები გადავცეთ“

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

რუსულ საოკუპაციო ძალებმა თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე. ვერ გაჭრა თურმე ვერც ქართველ თანასაკნელთა ხვეწნამ და შეგონებამ".

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები