რუსული ოკუპაცია

ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

შერიგების და სამოქალაქო მინისტრის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ.

"მე ვერაფრით ვერ გეტყვით ახლა რომელი წყაროებით და როგორ, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც განცხადებას ვაკეთებ ამის საფუძველი მაქვს. ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და ჩვენ რამდენიმე არხით გვაქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მათ შორის მათი მხრიდანაც, რომელსაც რეგულარულად ვამოწმებთ ცხელი ხაზით."- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსულ საოკუპაციო ძალებს მე-8 დღეა ექიმი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი, ვაჟა გაფრინდაშვილი ჰყავთ გატაცებული.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის საინფორმაციო სააგენტოს, "რესის" ცნობით, ვაჟა გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან ე.წ. საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. 

ვაჟა გაფრინდაშვილის გარდა 9-11 ნოემბერს ანალოგიური ბრალდებით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს კიდევ 3 მოქალაქე: 1961 წელს დაბადებული რამაზ ზადიშვილი, 1977 წელს დაბადებული დავით მიშელაშვილი, 1961 წელს დაბადებული ზურაბ თუხაშვილი. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.

კომენტარები