შსს

შსს: გამოხატვის თავისუფლება გაცდა კანონს, შტურმის, ბლოკირების მცდელობისას მივიღებთ ზომებს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. უწყების აზრით, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს.

"17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდების და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამასთან, შსს მიუთითებს, რომ პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. უწყება აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები