აქციები პარლამენტთან

მელია შსს-ზე: რატომ შევწყვიტოთ პიკეტირება? ივანიშვილის დავალებების შესრულება რომ გააგრძელონ?

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი

პარლამენტის ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან მობილიზებულები, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ნიკა მელია მივიდა. 

შსს-ს განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს, მელია ამბობს, რომ პარლამენტში არცერთ დეპუტატს არ შეუშვებენ და ივანიშვილს არანაირი სახის რეაგირების რესურსი აღარ დარჩა. 

"შევწყვიტოთ პარლამენტის პიკეტირება? რატომ? ვინმე დაჩი ბერაია, ანრი ოხანაშვილი რო შევიდნენ და გააგრძელონ ივანიშვილის დავალებების შესრულება? მურუსიძეები დანიშნონ უვადო მოსამართლეებად ამ დღეებში? ამიტომ უნდა შეუშვას ხალხმა?", - აღნიშნავს დეპუტატი.

ნიკა მელიას განცხადებით აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებენ. 

"სხვა გამოსავალი არ არსებობს, ქვეყანაში პარლამენტარიზმი მოკვდა. მან ფუნქცია დაკარგა და ეს არის ივანიშვილის ბრალი. ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, გრძელდება 20 ივნისი, განსხვავება არის იმ მასშტაბის ტყუილში, რომელიც ივანიშვილმა აკადრა საზოგადოებას. ყველა ქვეყანაში, ამ ვითარებაში, როცა ხელისუფლება ატყუებს საზოგადოებას, მთავრობა გადადგებოდა. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები და დარწმუნებული ვართ, რომ ავასრულებთ", - აღნიშნავს ის.

მელია გამოეხმაურა ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ გამოსვლასაც, რომლის მიხედვით, ქართული ოცნება არ აპირებს საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის არჩევნები კვლავ შერეული მოდელით, ოქტომბერში ჩატარდება.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის კალაძე, მისი განცხადებები არასერიოზულია. ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი გაოგნებულები არიან", - აღნიშნა მელიამ. 

სამი დღეა, პარლამენტთან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს გერმანული მოდელით, დროებით მთავრობას და ცესკოს განახლებულ შემადგენლობას ითხოვს.

გუშინდელიდან ჩაკეტილია პარლამენტის ყველა შესასვლელი - აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარვები. ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებენ.

პარლამენტთან აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ქართული ოცნების უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები