შსს

შსს: მშვიდობიანმა აქციამ კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის თაობაზე ბრიფინგი გაიმართა. შსს აცხადებს, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება კანონს არღვევს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია რეაგირებას მოახდენს:

"აქციის მიმდინარეობისას, მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისათვის შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. აქციები მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა და აქციის ორგანიზატორებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება.

ამასთან, პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს ღიად მოუწოდებდნენ საპარლამენტო ორგანოს მუშობისათვის ხელის შეშლისკენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მიმართვის და გაფრთხილების მიუხედავად გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ ფარგლებს. ყველამ ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მეცხრე მუხლის დარღვევა, რაც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელის ბლოკირებას და მისი საქმიანობის შეფერხებას.

დილიდან ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საშუალება არ მისცეს პარლამენტის წევრებს შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, რითაც ფერხდება პარლამენტის საქმიანობა. პოლიცია მოწოდებულია დაიცვას როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი მუშაობა.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და აქციის ორგანიზატორებს შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და პროტესტი განაგრძონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში მოახდეს შესაბამის რეაგირება."

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში 12:00 საათზე ჩანიშნული რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა ვერ გაიმართა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა დეპუტატები გია ჟორჟოლიანი, მერაბ ქვარაია და რევაზ არველაძე შენობაში არ შეუშვეს. მათ შეძახილებით დახვდნენ.

15:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, თუმცა აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საარჩევნო ცვლილებების მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებენ.

პარლამენტის წინ აქცია გუშინ 15:00 საათზე დაიწყო. მას შემდეგ მათ პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები დაადეს და კარვები გაშალეს, სადაც ქვიშის ტომრები ჩააწყვეს.

პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. 

აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა სახალხო პროტესტის ფონზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დადებული პირობა.

კომენტარები