ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

წითელი ჯვარი: ვაჟა გაფრინდაშვილი მოვინახულეთ, მან ოჯახთან წერილი გამოგვატანა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის იზოლატორში ოკუპანტების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. 

"ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი წითელ ჯვარს დაუკავშირდა 14 ნოემბერს. მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს. ვიზიტის დროს ბ-ნ ვაჟას გადაეცა ოჯახის წერილი, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვიზიტის შესახებ უკვე აცნობა ბ-ნი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წჯსკ ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით" - აცხადებს კომიტეტი.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 7 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზონის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

კომენტარები